მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ცხოვრების პირობები მთელ მსოფლიოში გააუარესა, წელს ტოპ-10-ის რეიტინგში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქალაქები დაწინაურდა.
ხელსაყრელი ცხოვრების გლობალური ინდექსით ტოპ-10 ქალაქი ასე გამოიყურება:
- ოკლენდი, ახალი ზელანდია (96.0)
- ოსაკა, იაპონია (94,2)
- ადელაიდა, ავსტრალია (94.0)
- ველინგტონი, ახალი ზელანდია (93,7)
- ტოკიო, იაპონია (93,7)
- პერტი, ავსტრალია (93,3)
- ციურიხი, შვეიცარია (92.8)
- ჟენევა, შვეიცარია (92,5)
- მელბურნი, ავსტრალია (92,5)
- ბრისბენი, ავსტრალია (92,4)
ახალი ზელანდიის ოკლენდი ცხოვრებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქალაქია მსოფლიოში. გასულ წელს ახალმა ზელანდიამ საერთოეროვნული ლოქდაუნი რამდენიმე კვირით შემოიღო. მას, ასევე, დახურული აქვს საერთაშორსო საზღვრები ქვეყნების უმრავლესობასთან.
ცხოვრებისუნარიანობის ინდექსი ქალაქებს რაოდენობრივი და ხარისხობრივი 30 ფაქტორით არჩევს, რომლებიც 5 კატეგორიას განეკუთვნებიან. ესაა სტაბილურობა, ჯანდაცვა, გარემო-კულტურა, განათლება და ინფრასტრუქტურა. პანდემიის გამო EIU-მ ახალი ინდიკატორები დაამატა, როგორიცაა ჯანდაცვის რესურსების დატვირთვა და შეზღუდვები ადგილობრივ სპროტულ ღონისძიებებზე, თეატრებზე, მუსიკალურ კონცერტებზე, რესტორნებზე და სკოლებზე. მაგალითად, ავსტრიის ქალაქი ვენა ბოლო წლების რეიტინგებში უპირობოდ ლიდერობდა, მაგრამ წელს ტოპ-10-შიც ვერ მოხვდა. კვლევის პერიოდში დაავადების გავრცელებისა და ვენის მკაცრი ლოქდაუნის გამო, ავსტრიის ქალაქის შეფასების ინდექსი რამდენიმე კრიტერიუმით შემცირდა და ის მე-12 ადგილზე მოხვდა.
„მეორეს მხრივ, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და იაპონიის ქალაქები, შედარებით, გახსნილი იყვნენ და მომსახურების ხელმისაწვდომობით გამოირჩეოდნენ. ამ ქალაქებში ჯანდაცვის სისტემა მდგრადია, რის შედეგადაც დაავადების შემთხვევბი დიდი არაა,“ – აცხადებს EIU-ის მთავარი ეკონომისტი საიმონ ბაპტისტი.
The Economist Intelligence Unit ცხოვრებისთვის ხელსაყრელი ქალაქების ტოპ-10-ის სიას წელიწადში 2-ჯერ აახლებს. მომავალ რეიტინგში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოელიან, რადგან ევროპისა და ჩრდილოამერიკის ქალაქებში ვაქცინაციის პროგრამები აქტიურად მიმდინარეობს და თანდათან იხსნებიან მაშინ, როცა ავსტრალია და ახალი ზელანდია ტურისტების დიდი ნაწილისთვის ჩაკეტილი რჩება.