კადრების შერჩევისას, 12 წლის განმავლობაში, “მამამზე ერისთავმა” მხოლოდ 2 შეცდომა დაუშვა, როცა მის მიერ ყურმოჭრილ ყმებად მიჩნეულებმა უცებ დამოუკიდებელი თამაში წამოიწყეს.
ჯერ გახარია, შსს მინისტრი, პრემიერად აღზევებული, ფრიად გაპიარებული, უცებ “მოუტყდა”. გახარია შორსმხედველი კაცია. მიხვდა, რომ 20 ივნისის ღამეზე უარესს მოუწყობდნენ ერთ დღეს და მოულოდნელად გაერიდა შორეული პერსპექტივის, მაგრამ გარდაუვალ შარს. თანაც ისე, რომ სტრატეგიული ბუნდოვანება დღემდე შეინარჩუნა, რამაც პოლიტიკაში არსებითი დივიდენდებიც მოუტანა.
მერე ზურაბიშვილი, გროტესკული “პრეზიდენტი”, რომლის დამოუკიდებელ მაქინაციებს ჰიპოთეტურადაც ვერ წარმოიდგენდა.
ამ ორმა “იაღლიშმა” მამამზის ეჭვიანი ბუნება პარანოიამდე მიიყვანა. ამიტომ ამჯერად უკიდეგანო არარაობა შეარჩია. მაგრამ აქაც შეცდომა დაუშვა. ამ მოქმედებით უნებლიედ გაამჟღავნა, რომ მნიშვნელოვანი თანამდებობებისათვის საჭირო კადრები ამოეწურა და რომ აღარავის ენდობა, ვისაც ოდნავ ჭკუა მოეკითხება მის გუნდში. ამ შეცდომით მან ფაქტიურად მოგებული პარტია წასაგებად შეატრიალა. ასეთ საჩუქარს ვერც ინატრებდა უკვე გაბითურებული ოპოზიცია.
ღარიბაშვილიც და გამსახურდიაც ძალიან ძლიერი, ლოგიკური სვლა იქნებოდა, ფაქტიურად დამაშამათებელი ამ ეტაპზე, მაგრამ საბედნიეროდ, პარანოიდალური ალოგიკურობა მანიაკი დიქტატორების ფატალური სისუსტეა.
როგორც პუტინმა უკრაინაში ალოგიკური შეჭრით გარდაუვალი კატასტროფა მოუწყო საკუთარ თავს, ზუსტად ანალოგიურ გზას დაადგა ჩვენი ენდემური მინი-პუტინიც. ორივეს შემთხვევაში საკითხავია არა “თუ”,
არამედ “როდის”.
ახლა მთავარია ისევ არ “მოვახერხოთ” მოსაგები პარტიის შეტრიალება. საჭიროა სიმშვიდე და მოთმინება; რაც მთავარია, ბოიკოტის უსასტიკესად დაცვა.