შაიშმელაშვილი: რაც საქართველოში ხდება, ეს რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომია

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ტვ პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

მისივე თქმით, ოცნება ჰიბრიდულ ომს არაფერს უპირისპირებს და ამის ნაცვლად, საზოგადოებას დეზინფორმაციითა და ტყუილებით წამლავს.

“დღეს რაც ხდება ეს არის რუსეთის მიერ აგრესიულად წარმოებული ჰიბრიდული ომი საქართველოში. სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ამ ჰიბრიდულ ბრძოლას და ომს რაიმეს კი არ უპირისპირებს, არამედ დეზინფორმაციით და ტყუილებით მოწამლული ჰყავს საზოგადოება, მათ შორის, თავისი ამომრჩეველიც. 

საინფორმაციო ველი არის დაბინძურებული მთლიანად, იმდენად არიან ტყუილებში აბსოლუტურად, რომ შეიძლება ხვალ გავიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ ორთაჭალიდან პომპეიმდე ტუნელი მყავს გაყვანილი”, – განაცხადა შაიშმელაშვილმა. 

შაიშმელაშვილმა საქართველო ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის წინ დატოვა. როგორც თავად ამბობს, თანამდებობის დატოვების შემდეგ ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ეს კი საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ქვეყნის დატოვებაზე ეფიქრა.

“ბოლო დღეს, როცა წამოსვლას ვაპირებდი, უკვე ჩაბარებული მქონდა ყველაფერი, გასაღები, აიდი, მანქანა, ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა ხარებასი და სცადა პროვოცირება… მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც გვემუქრებოდნენ ლიკვიდაციით, რომ ყველაფერი შეუძლიათ.

ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, პატაკში კი მიზეზად ოჯახური პირობები დაასახელა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share