გურიის მოამბე

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე – მოსახლეობა ახალ წელს ერთად შეხვდება, რითაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის პროტესტს “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ.

ღონისძიების ორგანიზატორია ქართველი ხალხი.

“გელოდებით 8 საათიდან, რომ ერთად დავაორგანიზოთ ჩვენი სახალხო ახალი წელი!“, -წერენ ორგანიზატორები.

ძვირფასო მეგობრებო! დღეს რუსთაველზე გვექნება ნამდვილად სახალხო ახალი წელი! რუსთაველზე, საქართველოს მოქალაქეები ვხვდებით ერთმანეთს, მოგვაქვს სახლში მომზადებული კერძები და ერთმანეთს ვუზიარებთ როგორც კერძებს, ასევე კეთილ სურვილებს და გამარჯვების რწმენას. 8 საათიდან კი ვიწყებთ ამ გარემოს ორგანიზებას და ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება.

ამ ღამეს რუსთაველზე არ იქნება სცენები, განათება, საკონცერტო აპარატურა, არ იარსებებს პედესტალები, ჩვენ ყველა ერთ სიმაღლეზე ვდგავართ. მიუხედავად ახალი წლისა, ჩვენი ღონისძიება საპროტესტო ხასიათს ატარებს, ამიტომ აქციაზე ალკოჰოლის მოტანა მიზანშეწონილი არ არის. იქამდე, სანამ ჩვენი თანამებრძოლები რეჟიმის ტყვეობაში არიან, როცა ამდენი ადამიანია ნაცემი, დაზარალებული, ღირსებაშელახული, სანამ ქვეყანას არალეგიტიმური მთავრობა მართავს, ჩვენ არ გვეზეიმება, ახალ წელს და იმ რთულ დროს რომელიც წინ გველოდება ვხვდებით ფხიზლად, ერთობით, ურთიერთსიყვარულით და პატივისცემით. ჩვენი სახლი რუსთაველის გამზირია. სწორედ ამიტომ ახალ წელს ჩვენს სახლში, რუსთაველზე ვხვდებით, საერთო სუფრასთან ვიკრიბებით, როგორც ერთი ოჯახი.

გელოდებით 8 საათიდან, რომ ერთად დავაორგანიზოთ ჩვენი სახალხო ახალი წელი!

ერთად ყველაფერი გამოგვივა! ძალა ერთობაშია!”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share