„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ევროპელები“ – დათო ტურაშვილი

აქციები ისევ უწყვეტად მიმდინარეობს. 15 იანვარს, 15:00 საათზე, საყოველთაო გაფიცვას 200-მდე კომპანია და ბიზნესმენებიც შეუერთდნენ. სწორედ ამ ამბებთან დაკავშირებით ”კვირის პალიტრა”   მწერალ დათო ტურაშვილს ესაუბრა:

” 15 იანვარი ისტორიულ დღედ შეიძლება ჩაითვალოს იმ მხრივ, რომ ჩვენი თვითმყოფადობა, რაობა, სწორედ რომ ევროპულია. ჩვენი ლიტერატურა, კულტურა, ჩვენი თავგადასავალი ძალიან ევროპულია, მით უმეტეს, რომ ევროპელები ვართ ეთნოგენეზის თვალსაზრისით. ბასკები და კორსიკელები თუ შეგვეჯიბრებიან, თორემ ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ევროპელები. ვინც ევროკავშირში შედის, უმრავლესობა, როგორც მოხევეები ამბობენ, ყარტაყურტა ხალხია, რომელიც მერე მოვიდა და ამ ტერიტორიაზე დასახლდა. ბოდიში ყველასთან, მაგრამ სიმართლე მწარეა. 15 იანვრის გაფიცვა იყო ის ევროპული მახასიათებელი, რომელიც დიდი ხანია არ გვქონია, იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში შეუძლებელი იყო ამ მახასიათებელთან ერთად გვეცხოვრა. ეს არის გაფიცვის კულტურა და ტრადიცია, გაფიცვა, როგორც იარაღი, ყველაზე მშვიდობიანი, არააგრესიული მიზნის მისაღწევად და ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი რამ მოხდა. ჩვენგან განსხვავებით, ახალ თაობას არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში და იმედია, მათი მემარცხენეობა სრულიად განსხვავებული იქნება; განსხვავებული იმისგანაც, რაც ასე ბოროტად გამოიყენა საბჭოთა რეჟიმმა. მე ვუყურებ ამ პროცესს და მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მოგვიტანოს, არის ჩვენი პირადი რევოლუცია, არა ვიღაცის, არამედ საკუთარი თავის, საკუთარი შეცდომების, ჩვენი არასახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და ძალიან ხშირად ჩვენი არასწორი საზოგადოებრივი პოზიციების წინააღმდეგ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას, რომელსაც ჩვენ არ ვაცალეთ და ეს საკითხი არც განიხილება. მერე რამდენი ხელისუფლებაც გამოვიცვალეთ, სამწუხაროდ, ერთი და იგივე შეცდომა დავუშვით. მე მგონია, საქართველოში დაიბადა ან ახლა იბადება სწორედ ის რევოლუციური თაობა, რომელიც არ გაიმეორებს იმავე შეცდომებს. ყველა ჯერზე გვეგონა, როგორც კი დამთავრდებოდა რომელიმე ხელისუფლება, რომელიც ჩვენ არ მოგვწონდა ან შეცდომებს უშვებდა, მაშინვე დაიწყებოდა ძალიან ტკბილი ცხოვრება – ასე არ მოხდა სწორედ იმის გამო, რომ ეს ტყუილი აღმოჩნდა. ყველა ხელისუფლებას, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, გამუდმებული კონტროლი, ყურადღება და კრიტიკა სჭირდება – ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის. ხელისუფლება არაადეკვატური ხდება მაშინ, როცა შეატყობს, რომ არ აკრიტიკებენ, და მაშინვე ბოროტდება, მით უმეტეს, ერთპიროვნული ძალაუფლება იწვევს საშინელ დეგრადაციას ქვეყანაში, სისტემაში და რაც მთავარია, ინსტიტუტებში, რასაც ახლა ვუყურებთ. ეს ახლანდელი მოგონილი არ არის. პირიქით, წინაზეც ასე მოხდა, სააკაშვილის დროს, ვინც მისი განსაკუთრებული მომხრე იყო და დიდი სურვილი ჰქონდა მისი წარმატების, მათ უნდა ეკრიტიკებინათ ჩვენზე მეტად. ახლაც ზუსტად ასე ხდება. რა განსხვავებაა ამ მთავრობას ან წინა მთავრობას შორის? თუ ადამიანებს ისევ ისე არბევენ, თუკი სასამართლო ისევ ისეთი უსამართლოა, რაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ? ადამიანი რომ გეხვეწება, დედა მიკვდება და ნარკოტიკს ნუ ჩამიდებო, მაშინ რა განსხვავებაა ახლანდელ და წინა ხელისუფლებას შორის? მაგალითისთვის თქვენი­ კოლეგა მზია ამაღლობელი ავიღოთ. მათი გამომცემლობიდან ვიცი უამრავი რამ აჭარის შესახებ, მთელი ისტორია და სულ მეკითხებოდნენ, საიდან იციო? “ბათუმელებში” ვკითხულობდი. ეს არის უნიკალური მოვლენა და ადამიანი.­ თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობაც. სამართალი ყველაზე მნიშვნელოვანია! ამიტომ მოიგონა ადამიანმა სახელმწიფო. რა უნდა მომცეს მე სახელმწიფომ, გარდა სამართლისა?! დანარჩენს მე თვითონ მოვიპოვებ, თვითონ მივხედავ თავს. როცა მზია ამაღლობელს იმიტომ აპატიმრებ, რომ პოლიციელს თავს დაესხა და სინამდვილეში ძალიან კარგად იცის იმ პოლიციელმა, რომ მზიას იმ გაუსაძლის ტკივილზე ჰქონდა რეაქცია, და არა კონკრეტულად რომელიმე პოლიციელზე თავდასხმის განზრახვა. იმ მოსამართლემაც მშვენივრად იცის და პროკურორმაც, ყველამ ერთად, რომ არც ერთი მოძალადე პოლიციელი არ დაუსჯიათ, არც ერთი, როცა ციხეები სავსეა ახალგაზრდებით, ბიჭებით და გოგოებით, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გამოდიან ქუჩაში, რომ არ უნდათ იცხოვრონ უსამართლო ქვეყანაში. ეს არ დამთავრდება, სულ ფუჭი მცდელობაა. სანამ არ იქნება სამართალი და არ გვექნება სახელმწიფო, ეს არ დამთავრდება.

მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს და გოგონებს, ვინც ყოველდღე ქუჩაში დგანან. მადლობა ჩვენი თეატრის მსახიობებს. მწერლებისგან განსხვავებით, ეგონათ, თეატრები უკვე იღლიაში ჰქონდათ ამოდებული. როგორი სოლიდარობა აქვთ არა მარტო ანდრო ჭიჭინაძის, ამ სასწაულად განვითარებული და განათლებული ბიჭის, არამედ საერთოდ, უსამართლობის წინააღმდეგ, ყველა მებრძოლი ადამიანის მიმართ. მოგეხსენებათ, ქართული თეატრის დღე 14 იანვარს აღინიშნება. სინამდვილეში ეს ტყუილია, გამიზნულად თავს მოხვეული ტყუილი. 1850 წელს, ძველი სტილით 2 იანვარს, ანუ 14 იანვარს, დაიდგა გიორგი ერისთავის “გაყრა”. იქიდან არის ათვლის წერტილი. რატომ? რუსების გარეშე ჩვენ არც თეატრი გვქონდა, არც კულტურა, არც ისტორია და რადგან­ რუსების დროს სპექტაკლის დადგმის უფლება მისცეს ჩვენებს, ის ითვლება ქართული თეატრის დღედ?! ეს საშინელი ტყუილია. აი, ამიტომ არ მინდა რუსეთის იმპერიაში ცხოვრება, ტყუილში არ მინდა ცხოვრება. 14 იანვარი ტყუილის კლასიკური­ მაგალითია. აგერ არის უფლისციხე, გორთან ახლოს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში არსებობდა უძველესი თეატრი. ბერძნებს ვერ გავუწევთ კონკურენციას, მაგრამ რომის იმპერია სანამ დაიწყებდა თეატრის გავრცელებას, მანამდეც კი გვქონდა უკვე უფლისციხეში თეატრი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვირთ, მსახიობები როგორ იბრძვიანო, მაჩაბელა ვინ იყო, აღა-მაჰმად-ხანს რომ ებრძოდა კრწანისის ველზე? ეს არ დამთავრდება! არ დავბრუნდებით რუსეთის იმპერიაში, არა! წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, არ მინდა იგივე დაგვემართოს. ახლა გვიდგას საკითხი: ან რუსეთში­ დაბრუნება,­ ან თავისუფლება. უკან რომ მოსკოვი გაქვს ან კრემლი, რა თქმა უნდა, მხოლოდ წინ თუ წავალთ, წინ კი მხოლოდ თავისუფლებაა. ეს ქართველი­ ხალხის გადაწყვეტილებაა და მინდა შემდეგი ხელისუფლებისთვის ისე მოვემზადოთ, მასაც არ მოეჩვენოს, რომ გაიმარჯვა; ან არ ეგონოთ რომელიმე პარტია მოგვწონს და იმიტომ ვდგავართ ქუჩაში. არც ერთი პარტია, სანამ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს მმართველი. პირიქით, უნდა იყოს მრავალპარტიული სისტემა და ჩვენ ყველანი ვიყოთ მაკონტროლებლები. ნებისმიერ მოქალაქეზე უნდა იყოს დამოკიდებული ამ ხალხის, ქვეყნის აწმყო და მომავალი. ეს გოგონები და ბიჭები ამაში უნდა გამოიყენოს ამ ქვეყანამ. კი არ ჩააბარონ ვიღაც პარტიებს ხვალინდელი საქართველო, არამედ თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა.”- აცხადებს ტურაშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share