“სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა და მასობრივად გაყალბებული არჩევნები” | ბუნდესტაგში, ქართველი ხალხის მხარდაჭერის მოთხოვნით, პეტიცია შევიდა

გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პეტიცია შევიდა.

როგორც პეტიციის ტექსტშია აღნიშნული, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ და ბუნდესტაგმა უნდა იმუშაონ იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა შეძლოს. პეტიციაში ასევე ნახსენებია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2 დეკემბრის განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, სამართლიან გარემოში, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და შეწყდეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ასევე, აქცენტი გაკეთებულია გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნულია, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლის, მათი მოსყიდვის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

“საქართველოში ასობით ათასი ადამიანი გასული წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიან დემონსტრაციაზე გადის, ითხოვენ დემოკრატიას და ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირს. სამწუხაროდ, ამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებს სახელმწიფო ძალადობით პასუხობს. საქართველო ისტორიული გზაგასაყარის ეტაპზეა. ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, სურს გახდეს რუსეთის უკანა ეზო თუ თავისუფალი ევროპის წევრი.

ევროკავშირში გაწევრიანება, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკას მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან. კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ევროკავშირსა და NATO-ში სრული ინტეგრაცია. თუმცა, პრემიერმინისტრმა კობახიძემ დაარღვია კონსტიტუცია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა დააფიქსირეს ხმების მოსყიდვა, დაშინება, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და სხვა დარღვევები. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვობს, რომ ეს არჩევნები ასახავს ამომრჩევლის ნებას. ევროპარლამენტმა უკვე მოითხოვა ხელახალი არჩევნების ჩატარება.
მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციები დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ მათ გადაჭარბებული ძალადობით უპასუხა. ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დააფიქსირეს დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების შემთხვევები. მოქალაქეთა უფლებების დაცვის ნაცვლად, ისინი სისტემატურად ირღვევა.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიულმა, ქრისტიან-დემოკრატიულმა და ლიბერალურმა ფრაქციებმა 2 დეკემბერს გაავრცელეს განცხადება: ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ზეწოლის გარეშე, თავისუფალ და სამართლიან პირობებში; დაუყოვნებლივ შეწყდეს მომიტინგეებზე ძალადობა და განურჩეველი დაკავება; ევროპული სახელმწიფოების თანმიმდევრული სანქციები მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიმართ, მათ შორის შესვლის აკრძალვები და აქტივების გაყინვა; დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლება; საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მანდატის პატივისცემა ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებამდე.

მოვუწოდებთ ფედერალურ მთავრობას და ბუნდესტაგს, მიიღონ ეს მოთხოვნები და იმუშაონ მათი განხორციელებისთვის. საქართველოს ახლა სჭირდება ევროპის მხარდაჭერა თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად. ევროპა უნდა დაუდგეს საქართველოს გვერდში, რათა მან საკუთარი ღირებულებები და ინტერესები დაიცვას”, – წერია პეტიციის ტექსტში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share