ივანიშვილის პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ არ გამორიცხა სამომავლოდ 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა. 3+3 ექვსმხრივი პლატფორმაა, რომელიც ორი “სამეულის” შეხვედრას გულისხმობს. მასში შედიან რუსეთი, ირანი, თურქეთი და აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. ფორმატის დაარსებიდან, 2021 წლიდან საქართველოს მასში მონაწილეობა ჯერჯერობით არ მიუღია.
ვოლსკიმ აღნიშნულზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ივანიშვილის დეპუტატის თქმით, “საკითხი იმ დონეზე წამოწეული არ არის”, რომ საქართველოს ამჯერად ფორმატში მონაწილეობის ინტერესი ჰქონდეს, თუმცა დაამატა, რომ “სამომავლო პრესპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს”, ხოლო საქართველოს მომავალ პოზიციას “ის პროცესები განაპირობებენ, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს.
“არ არის ეს საკითხი იმ დონეზე წამოწეული, სადაც საქართველოს ექნება მონაწილეობის ინტერესი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც.
ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას.
საქართველოსთვის, ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი, საგარეო კურსი, ეკონომიკური ინტერესები.
აქედან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ ამ ფორმატში გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა.
ასე რომ, დაველოდოთ პროცესებს. საქართველოს, სამწუხაროდ, ის რესურსი არ გააჩნია, რომელიც მსოფლიო პროცესებზე მოახდენს გავლენას, თუმცა სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ და დღემდე სტაბილურობა შევინარჩუნეთ ჩვენს ქვეყანაში”. – IPN-ის ცნობით, თქვა ივანიშვილის დეპუტატმა.
ცნობისთვის, გუშინ, 19 თებერვალს კრემლის მედია TACC-თან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს, რომ რეგიონული პლატფორმა 3+3 საქართველოსთვის ღიაა.