უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იგი ხელისუფლებაში ყოფნას დიდხანს არ აპირებს და ამატებს, რომ მზად არის, მშვიდობის ან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, თანამდებობიდან გადადგეს:
“მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს. ან გავცვალო თანამდებობა NATO-ს წევრობაზე, ძალაუფლებაში ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ ვაპირებ”. – თქვა მან.
ამასთანავე, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ “ეს არ არის მოლაპარაკებების მაგიდა, სადაც უკრაინას იწვევენ, ეს ჩვენი მაგიდაა, სადაც ჩვენ ვიწვევთ. უკრაინა, ევროპა, აშშ და რუსეთი: ეს უნდა იყოს მოლაპარაკებებზე მონაწილე მხარეების სია”.
ამას გარდა, ზელენსკიმ თქვა, რომ არ აპირებს აშშ-სთან ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას, თუ ეს ნიშნავს, რომ მისი გადახდა უკრაინელების 10 თაობას მოუწევს.
ზელენსკის თქმით, უკრაინას მშვიდობა მრავალი წლით სჭირდება, ხოლო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი თქმით, “სამუდამოდ არ იქნება”.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეეხო უკრაინისადმი აშშ-ს დახმარების საკითხს, რაც ტრამპის თქმით, $500 მილიარდს აღწევს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მსგავსი პრეტენზიის მიღებას არ აპირებს:
“არ ვაპირებ 500 მილიარდის პრეტენზია მივიღო, მიუხედავად იმისა, მოეწონება თუ არა ეს ვინმეს. არც კი ვარ მზად, ვაშინგტონთან $100 მილიარდის გადახდა განვიხილო, რადგან ეს გრანტი იყო და არა – სესხი. მე ბაიდენთან შევთანხმდი, რომ ეს გრანტია – გრანტი კი ვალი არ არის. გრანტს ჩვენ არ დავაბრუნებთ”. – თქვა მან.