სოციალურ ქსელებში ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ფოტოს, რომელიც 24 ივნისს, ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ფოტო, რომელზეც ცოტნე ივანიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილთან ერთადაა აღბეჭდილი, გერმანიაში, ქალაქ ფელბერტშია გადაღებული, იქ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო-2024-ის მატჩებისთვის მზადების პერიოდში ცხოვრობს და ვარჯიშობს.
- როგორ მოხვდა მილიარდერის შვილი ნაკრების ფეხბურთელებთან დახურულ ბაზაზე?
- ისარგებლა თუ არა მან მამის გავლენით, თუ ყველა გულშემატკივარს შეუძლია შეკრებაზე მყოფ ფეხბურთელებთან (ან სხვა სპორტსმენებთან) მისვლა, ავტოგრაფის ჩამორთმევა, ფოტოს გადაღება?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 24 ივნისს გავრცელებულ ფოტოსა და ამ ფოტოს გამო გაჩენილ კითხვებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
ცოტნე ივანიშვილმა პირველი ფოტო გერმანიიდან 22 ივნისს, ჰამბურგის სტადიონის ტრიბუნებიდან გამოაქვეყნა. საქართველო-ჩეხეთის მატჩის დღეს.
მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ის გერმანიაში თბილისის მერთან ერთად იმყოფება.
ივანიშვილის შვილი ფოტოებზე კახა კალაძესთან და მის ოჯახის წევრებთან ერთადაა გადაღებული. ცოტნე ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს კახა კალაძეც.
შეუძლიათ თუ არა გულშემატკივრებს ფეხბურთელებთან შეხვედრა?
შეუძლიათ, თუმცა, არა ყოველთვის და არა ყველა სიტუაციაში. ამისათვის არსებობს ე.წ. თავისუფალი დრო, როდესაც სპორტსმენები საფეხბურთო აქტივობით არ არიან დაკავებულები და ასევე ნაკრების ღია ვარჯიშები.
ევრო-2024-ზე ასეთი ღია ვარჯიში ქართველმა ფეხბურთელებმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე, 13 ივნისს, ჩემპიონატის დაწყებამდე გამართეს.
გულშემატკივრებს, მათ შორის ბავშვებს, საყვარელ ფეხბურთელებთან შეხვედრის, ფოტოების გადაღების, ავტოგრაფების მიღების საშუალება ჰქონდათ.
გოჩა თანდარაშვილი, საქართველოს ნაკრების ფანების ელჩი გერმანიაში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როგორც მას, ისე დანარჩენ გულშემატკივრებს, საქართველოს ნაკრების სხვა შეკრებების დროს, ფეხბურთელების ნახვის, მათთან ერთად ფოტოების გადაღების გამოცდილება ჰქონიათ. თუმცა, როგორი შინაგანაწესი აქვს ევრო-2024-ზე მყოფ საქართველოს ნაკრებს, ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მას არ აქვს:
„არ ვიცი, ამ პერიოდში, აქვს თუ არა რაიმე განსაკუთრებული აკრძალვა ნაკრებს. თუმცა, სხვა შეკრებების დროს ფეხბურთელების ნახვა შესაძლებელია. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება ბათუმში, როდესაც სასტუმროს გარეთ ვნახეთ ბიჭები გულშემატკივრებმა.
როდესაც თავისუფალი საათები აქვთ ფეხბურთელებს, ისინი ცხადია, ტოვებენ საკუთარ ნომრებს, გამოდიან სასტუმროს ფოიეში, იქვე სასტუმროსთანაც. ასე შევხვედრივართ გულშემატკივრები ინგლისელ ფეხბურთელებსაც სასტუმროსთან, გადაგვიღია მათთან ერთად ფოტოებიც.
ამჯერად, ნამდვილად არ ვიცი, აქვს თუ არა ნაკრებს დაწესებული რაიმე მკაცრი შეზღუდვა და დაუშვა თუ არა ნაკრების ხელმძღვანელობამ მხოლოდ ერთი გამონაკლისი“, – ამბობს გოჩა თანდარაშვილი.
თუკი სპორტის სხვა სახეობის გულშემატკივარი ხარ, მაშინ რა ხდება?
„არცერთ ჩემპიონატზე, არცერთ კალათბურთელს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდა, რომ მიეღო ვიზიტორი“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი პერტაია, კალათბურთში საქართველოს ნაკრების მედიაოფიცერი.
2011 წლიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ევროპის ხუთ და მსოფლიოს ერთ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი პერტაია ამბობს, რომ ექვსივე ჩემპიონატის დროს, საქართველოს ნაკრები ქალაქის სასტუმროებში ცხოვრობდა და კალათბურთელებს საშუალება ჰქონდათ სასტუმროს მისაღებში შეხვედროდნენ ვიზიტორებს, მათ შორის, გულშემატკივარსაც:
„ცხადია, ასეთ დროს არ უნდა ირღვეოდეს საზოგადოებრივი წესრიგი და არ უნდა იქმნებოდეს რაიმე საფრთხე, რასაც აკონტროლებს სასტუმროს დაცვა. სხვა შემთხვევაში, კალათბურთში საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს შეზღუდვა არ აქვთ. თუკი შეხვედრა მათთან შეთანხმებულია, ისინი იღებენ ვიზიტორებს.
თავადაც არაერთხელ შევსწრებივარ, როგორ იღებენ გულშემატკივრები ფოტოებს კალათბურთელებთან თუნდაც სასტუმროს გარეთ“, – ამბობს ირაკლი პერტაია.
ოლიმპიადის მკაცრი წესები
სხვა და გაცილებით მკაცრი წესები მოქმედებს ოლიმპიური თამაშებისას. სპორტული დელეგაციები ოლიმპიადის მსვლელობისას ცხოვრობენ სპეციალურად მოწყობილ ოლიმპიურ სოფლებში და იქ მოხვედრა სპეციალური აკრედიტაციისა და მიწვევის გარეშე შეუძლებელია.
გიორგი ჭანიშვილი, სპორტული ჟურნალისტი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიქტორი, არაერთ ოლიმპიურ თამაშებზეა ნამყოფი, როგორც დიქტორი და როგორც ჟურნალისტი.
მათ შორის, 2008 წელს, ის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პრესატაშე იყო და დელეგაციასა და სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობდა.
როგორც ის ჰყვება, ოლიმპიური სოფელი ე.წ. დახურულ ზონას წარმოადგენს, სადაც უცხო პირის შესვლა ნებადართულია მხოლოდ ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი პირების თანხმობის შემთხვევაში:
„მაგალითად, პეკინის ოლიმპიურ სოფელში, მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით იყო შესაძლებელი რამდენიმე ვიზიტორის შესვლა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, აუცილებლად უნდა ყოფილიყო საშვი და დელეგაციის თანხმობა. მათ შორის, ჟურნალისტებისთვისაც. გამოყოფილი იყო კონკრეტული დღე ან საათი, კეთდებოდა სია, ვისაც შეეძლო ოლიმპიურ სოფელში შემოსვლა და სპორტსმენების, მწვრთნელების მონახულება. მათ შორის იყვნენ, ჟურნალისტებიც“, – ამბობს გიორგი ჭანიშვილი.
ოლიმპიური თამაშების გარდა, ის, როგორც ძიუდოს დიქტორი, სპორტის ამ სახეობის ყველა მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირს ესწრება. ამბობს, რომ გულშემატკივრებს ძიუდოისტებთან შეხვედრის, მათთან ფოტოების გადაღებისა თუ ავტოგრაფების მიღების საშუალება ყველა ტურნირზე ეძლევათ:
„ხშირად შევსწრებივარ, როგორ იღებენ გულშემატკივრები ფოტოებს ძიუდოისტებთან სასტუმროს ფოიეში. თუმცა, ცხადია, ყველა სპორტს და ჩემპიონატს თავისი სპეციფიკა აქვს. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში განსაკუთრებული მოვლენაა და შესაძლოა, უსაფრთხოების ნორმები იქ გაცილებით მეტად იყოს დაცული. რა პროტოკოლი მოქმედებს ამ კონკრეტულ ტურნირზე, ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს“, – ამბობს გიორგი ჭანიშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო-2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.
გუნდი ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიშს 25 ივნისს საღამოს გამართავს.
საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
რადიო თავისუფლება