დნიპროს აეროპორტი რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურდა, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.
”კიდევ ერთი თავდასხმა დნიპროს აეროპორტზე. მისგან უკვე არაფერია დარჩენილი. აეროპორტი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მაგრამ რაკეტები კვლავ დაფრინავენ“, – განაცხადა რეზნიჩენკომ.
აღნიშნულ ფაქტს ასევე გამოეხმაურა უმაღლესი რადას დეპუტატი, ლესია ვასილენკო. მან “ტვიტერში” დაწერა, რომ რუსი ოკუპანტების ბოლო საჰაერო დარტყმამ „არ დატოვა ინფრასტრუქტურა და აეროპორტის გარშემო ყველაფერი გაანადგურა“.
ვასილენკოს თქმით, დნიპროს აეროპორტი გასულ წელს განახლდა, ხოლო მორიგი სარაკეტო შეტევის გამო „ყველა ინვესტიცია და ძალისხმევა სრულიად ჩაიშალა“.
BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულ აეროპორტს რუსმა ოკუპანტებმა აქამდეც შეუტიეს. როგორც რეზნიჩენკომ 15 მარტს განაცხადა, რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ტერმინალის შენობა დააზიანა.