სუბარი სოცქსელებში სიტყვის თავისუფლების რეგულირების ინიციატივით გამოდის

მაუწყებლობის შემზღუდავი ცვლილებების განხილვის პარალელურად, „ქართული ოცნების“ განაყოფი „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივით გამოდის, _ იუწყება netgazeti.ge.

ერთპარტიულ პარლამენტში მაუწყებლობის შესახებ კანონზე მსჯელობისას ყოფილმა სახალხო დამცველმა ამ წინადადებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, არჩილ გორდულაძეს მიმართა.

„გასაგებია, რომ ამ [მაუწყებლობის შესახებ] კანონის თემა არ არის, მაგრამ დღეს ტელევიზიასა და რადიოსთან შედარებით, საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, მაგრამ სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა. კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ. ის, რაც ხდება დღეს მედიაში, ამის მოთმენა შეუძლებელია ხშირ შემთხვევაში“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამავდროულად, სუბარი არასწორად მიიჩნევს საავტორო გადაცემების იმ სახით რეგულირებას, როგორც ეს მაუწყებლობის შესახებ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებში არის ინიცირებული და რომლის თანახმადაც, „საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იქნას აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება“.

საავტორო გადაცემა იმიტომ არის საავტორო გადაცემა, რომ იქ ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება, მოიწვევს იმას, ვისი აზრიც მისთვის საინტერესოა. როცა მას ვავალებთ იმავეს, რასაც, მაგალითად, ახალი ამბების რედაქტორს ან წამყვანს, მგონი, არასწორია, მაშინ არცაა საავტორო გადაცემები. ისინი ხშირად არის ძალიან მიკერძოებული, შეიძლება არასწორი. ტყუილი არ უნდა თქვას, შეურაცხყოფა არავის უნდა მიაყენოს — ეს სტანდარტი იქაც დაცული უნდა იქნეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მგონია, რომ უნდა დავავალდებულოთ, რომ ყველა საგულისხმო ალტერნატიული აზრი გადმოსცეს თანაბრად და ყველაფერს თანაბარი დრო დაუთმოს, მაშინ ეს არც იქნებოდა საავტორო გადაცემა“, — თქვა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან რეპრესიულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ტელევიზიებისა და რადიოებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. გარდა ამისა, იზრდება კომუნიკაციების კომისიის მანდატი და ის საკითხები, რაც აქამდე მაუწყებელთა თვითრეგულირებაში იყო, კომისიის რეგულირებაში გადადის.

კერძოდ:

  • ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) იზღუდება პოზიციის გამოხატვა;
  • პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული დჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად და ზუსტად;
  • კანონით განისაზღვრება ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია; დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი;
  • განისაზღვრება შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევების, საგანგებო ვითარების გაშუქებისას ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის გადაცემის სტანდარტი და ა.შ.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ონლაინ მედიებს არ ეხებათ, თუმცა „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ამ მხრივ მუშაობის გაგრძელება შეიძლება“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share