რა მოხდება, როცა სიტყვა „გენდერი“ კანონმდებლობიდან გაქრება?

საქართველოს კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერი“ სრულად ქრება. ამ ინიციატივის ავტორები, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატები, ამბობენ, რომ ეს ტერმინი უცხოური გავლენითა და ლობირებით, ხელოვნურად დაინერგა ქართულ კანონმდებლობაში და ახლა ის სიტყვებმა „ქალმა და კაცმა“ უნდა ჩაანაცვლონ.

განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს ახლავს თან, წერია, რომ ქართულ კანონმდებლობაში სიტყვა „გენდერის“ დანერგვა გლობალური ტენდენციების ანარეკლი იყო, „ოცნების“ დეპუტატები კი ამ ტენდენციის წინააღმდეგ პრინციპულ პოზიციის იკავებენ.

იქვე წერია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ღიად ითქვა, რომ ხელოვნურ, მართულ პროცესს არაკეთილსინდისიერი მოტივები ამოძრავებდა და „ცხადი გახდა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის ლობირების უკან იდგა არა ადამიანის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათზე გავლენის მოპოვების პრაგმატული გათვლა“.

სადავო პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერის“ სრულად ამოღებას ითვალისწინებს, თებერვალში დაარეგისტრირეს. მისი საკომიტეტო განხილვები თებერვლის მიწურულს გაიმართა, ახლა კი პლენარული მოსმენების ჯერია.

radiotavisupleba.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share