ზვიად ცეცხლაძის მამა – ნულოვანი ნდობა გვაქვს აღნიშნული სასამართლოს მიმართ – ყველა ჩვენგანი, სასამართლოში მხოლოდ იმიტომ დადის, რომ საკუთარი პატიმარი ნახოს, თორემ სასამართლო სხდომაზე საინტერესო არაფერი ხდება

ნულოვანი ნდობა გვაქვს აღნიშნული სასამართლოს მიმართ, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანი, რომლის ოჯახის წევრი თუ ახლობელი პატიმრობაშია, სასამართლოში მხოლოდ იმიტომ დადის, რომ საკუთარი პატიმარი ნახოს, თორემ სასამართლო სხდომაზე საინტერესო არაფერი ხდება,- ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული, ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებლის ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ სასამართლო სხდომის წინა განაცხადა.

ზურაბ ცეცხლაძეს განცხადებით, მას მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს დასაშვებად ცნობს, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებების უმრავლესობას დაუშვებლად.

„ამ სასამართლოსგან არავის არანაირი მოლოდინი არ აქვს, ყველა პროცესი იდენტურია. დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას ძალაში დატოვებს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დასაშვებად ცნობს, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებებს პრობლემები შეექმნება და უმრავლესობას დაუშვებლად ცნობს.

ჩემი შვილის მიმართ, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები – მის მიერ გავრცელებული პირდაპირი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის გავეშებული პოლიციელებისგან თავდაცვასა და მოგერიების ფორმებზე საუბრობს. ასევე წარმოდგენილი აქვთ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ და ხსნარები, რომლებსაც აქციაზე მყოფი მოქალაქეები, პოლიციის მხრიდან გაზის კაფსულების გაშვების შემდეგ თვალებში ისხამდნენ. ზვიადმა კი ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ ეს ნივთები, რომლებსაც ბრალდების მხარე მის წინააღმდეგ, მტკიცებულებებად იყენებს, მის ბინაში სამართალდამცველებმა შეიტანეს“,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share