გაერო: 2025 წელს ქალებს იმ უფლებების მხოლოდ 64% აქვთ, რაც კაცებს

ქალთა საერთაშორისო დღისთვის გაერომ მოამზადა მოხსენება მსოფლიოში ქალთა ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

2025 წელს აღინიშნება პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავი, როდესაც 189 ქვეყნის მთავრობა შეთანხმდა გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის მოქმედების პერიოდში ქალთა უფლებების გასაფართოებლად ასობით რეფორმა გატარდა, დღეს ქალებს მსოფლიოში აქვთ მამაკაცების უფლებების მხოლოდ 64%.

პარლამენტებში ქალების რაოდენობა გაორმაგდა, მაგრამ მათ მაინც მანდატების მხოლოდ მეოთხედი აქვთ.

მხოლოდ 87 ქვეყანაა ისეთი, რომლის სათავეშიც ოდესმე ყოფილან ქალები.

ამავე მოხსენების თანახმად, დაახლოებით 10% ანუ 393 მილიონი ქალი და გოგონა მთელ მსოფლიოში ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, 15%-ზე მეტი – კონფლიქტის ზონებში.

2022 წლიდან კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის შემთხვევები ერთ-ნახევარჯერ გაიზარდა, მსხვერპლთა 95% ქალია.

მსოფლიოში დაქორწინებული ქალების თითქმის ერთი მეხუთედი ბავშვობაში დააქორწინეს. ხოლო ყოველი მესამე ქალი მსოფლიოში განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას.

აფრიკაში თითქმის 60 მილიონ გოგონას არ აქვს საშუალო სკოლის დამთავრების შესაძლებლობა. ხოლო იმ რეგიონებში, სადაც გოგონებს აქვთ სწავლის შანსი, ისინი ამთავრებენ სწავლას უფრო მაღალი მაჩვენებლით, ვიდრე ბიჭები.

სამუშაო ადგილებზე გენდერული განსხვავება ათწლეულების მანძილზე არ შეცვლილა: დასაქმებულია სამუშაო ასაკის ქალების მხოლოდ 63%, ეს იმ ფონზე, როცა მუშაობს ამავე ასაკის მამაკაცების 92%.

ქალები კვლავ 2,5-ჯერ უფრო ხშირად ასრულებენ საოჯახო საქმეებს და ზრუნავენ ბავშვებზე.

ქალთა საერთაშორისო დღის წინ გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ქალების დისკრიმინაციას ამძაფრებს ახალი საფრთხეები და მოუწოდა მსოფლიოს, წინააღმდეგობა გაუწიოს ქალთა უფლებებზე თავდასხმებს, შოვინიზმსა და მიზოგინიას.

radiotavisupleba.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share