იზოლაციის ვადა დიდი ალბათობით, კიდევ შემცირდება

მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ, – შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების მსუბუქი მიმდინარეობისთვის და ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან მოქმედი რეგულაციები და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share