რუსულმა რეჟიმმა [სასამართლოს] შენობა აქცია ცირკად – მიხეილ სააკაშვილი რუსული რეჟიმის მხრიდან საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სასამართლოს შენობა არის „ცარიელი შენობა“, სადაც არ არსებობს სამართალი,
„რა მოლოდინი უნდა გვქონოდა ამ შენობისგან?! ეს არის მხოლოდ ცარიელი შენობა, სადაც არ არსებობს სამართალი. ჩვენ ამ შენობას ვერაფრით დავარქმევთ სასამართლოს. სამწუხაროდ, რუსულმა რეჟიმმა ეს შენობა აქცია ცირკად. სამართალი საერთოდ ახლოსაც არაა ამ ყველაფერთან, რასაც ყოველდღიურად ამ შენობაში ვუყურებთ. დიახ, მიხეილ სააკაშვილი ისჯება რუსული რეჟიმის მხრიდან, მხოლოდ იმიტომ რომ უყვარს ქვეყანა, ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა რუსეთს არ გადააბარა, ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფი სვლით ატარა დასავლეთისკენ,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა. სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკვირთ, ვინაიდან „მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს“.