სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა და აპარატში მმომუშავე ექიმმა დღეს, 19 მარტს ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს.
განცხადების თანახმად, ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროებთ”, – წერია განცხადებაში.
11 მარტს, გიორგი ჩიკვაიძეს დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.
12 მარტს, ჩიკვაიძემ შიიმშილობა დაიწყო.
“მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.
ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის.
პასუხისმგებლობა მომხდარზე დაეკისრება რუსულ რეჟიმს, რუსეთის აგენტ ბიძინა ივანიშვილს და კორუმპირებულ გიორგი გაბიტაშვილს.
ასევე მინდა მივმართო ჩვენი ოჯახის ახლობლებს და ნაცნობებს, ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე.
მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”, – თქვა ჩიკვაიძემ.