რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებსაც რუსეთში ცხოვრების “კანონიერი უფლება არ აქვთ” რუსეთის ტერიტორია 10 სექტემბრამდე ნებაყოფლობით უნდა დატოვონ ან, როგორც აღნიშნულია განცხადებაში, “მოაგვარონ მათი სამართლებრივი სტატუსი”.
აღნიშნული ბრძანება ასევე ეხება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს.
დოკუმენტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში იმყოფებიან, 10 ივნისამდე უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება. ეს მოიცავს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, ინფექციური დაავადებებისა და აივ-ინფექციის ტესტირებას. დოკუმენტი ასევე უკავშირდება პუტინის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებას, რომელიც განსაზღვრავს “დროებით ზომებს გარკვეული კატეგორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის რეგულირებისთვის”.