შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსთაველის გამზირზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების დაპატიმრების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტის ხმა არ წყდება.
პარლამენტთან პოლიციის მიერ დაკავებული და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები იმყოფებიან. პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ჩიხშია მოქცეული, რის გამოც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებს ახორციელებს.
რეჟიმის ბოლო არის. მათ იმდენად დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ ეშინიათ. იციან, რამხელა დანაშაულს ჩადიან ამ რუსული კანონით. სხვა გზა არ აქვთ. ისინი მიმწყვდეულნი არიან კუთხეში. არც ჩვენ გავჩერდებით. მე მაინც არ მეშინია არაფრის, ვერავინ ვერ შემაშინებს. დილაა, შუადღეა, თუ საღამო, ყოველთვის გავაპროტესტებ”. – განაცხადა მოქალაქემ.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი აცხადებს, რომ რეჟიმი დაკავებებით ახალგაზრდებს ვერ შეაშინებს.
“კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ რეჟიმის გადადგომა” – აღნიშნავს დემონსტრანტი.
ისევ თავად ეშინიათ ამ ახალგაზრდების და ხალხის. ჩვენ მაგით ვერაფერს გვიზამენ. ვერც ბავშვებს დააკლებენ ვერაფერს და ვერც შეაშინებენ. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს. აუცილებლად უნდა წავიდნენ. ის კი არ უნდა მოვითხოვოთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, არამედ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ რეჟიმის გადადგომა”. – განაცხადა მოქალაქემ.
შეგახსენებთ, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს – პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.
რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა.
პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად “დაპატიმრებულია” სკამებიც.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია 21 მარტსვე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რაც შეეხება ლუკა გოგიას, ის კვლავ დიღმის მთავარ სამმართველოში რჩება. ტაშის დაკვრის გამო დაპატიმრებულ ახალგაზრდას რეჟიმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.