სტიქაროსნის დედა უკვე 7 თვეა, შვილის ბურუსით მოცული სიკვდილის გამოძიებას უშედეგოდ მოითხოვს. 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე ჭაჩხურის კალაპოტში ადგილობრივმა თემო ხადურის ცხედარი იპოვეს. მანამდე კი ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი სამი დღე-ღამის განმავლობაში უშედეგოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა.
- სახელმწიფო ექსპერტიზამ თემო ხადურის სიკვდილის მიზეზი და თარიღი ვერ დაადგინა, თუმცა დასკვნაში დაწერა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებსა ქუთუთოებში, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული.
2024 წლის 25 აგვისტოს სტიქაროსანი თემო თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით დილის 9 საათზე გაემგზავრა. მცხეთისა და ქარელის ტაძრების მოლოცვის შემდეგ, დაახლოებით, 18 საათსა და 30 წუთზე თერჯოლაში, სოფელ სიმონეთთან სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და გზა ფეხით გააგრძელა. დარეკა სახლში და ოჯახს უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. ამის შემდეგ თემოს კვალი იკარგება.
- საქმეში დევს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დროის ამ მონაკვეთში თემო ხადურმა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა, ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან სტიქაროსნის კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნას ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც.
დევნის ოპერაციაზე სამართალდამცველებს საკუთარ ჩვენებებში არაფერი აქვთ ნათქვამი. საქმის მასალებში წერია, რომ 23 წლის სტიქაროსანი ადგილიდან მიიმალა.
სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას.
- 2024 წლის 25 აგვისტოს 22 საათსა და 28 წუთზე თერჯოლის რაიონული სამმართველოს კუთვნილი პიკაპი ფერმასთან ჩნდება ამ ადგილი დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდინარის პირას სტიქაროსანი გარდაცვლილი ნახეს.
- კადრში ჩანს. რომ პოლიციელები სტიქაროსან ფერმის გარშემო ფანრებით ეძებენ. მანქანა დაუსახლებელი ტერიტორიიდან 7 წუთში, 22 საათსა და 34 წუთზე მიდის. დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ამ დროს სასტიკად სცემეს და შემოაკვდათ.
პოლიცია, არ აღიარებდა, რომ 23 წლის სტიქაროსნის მინდორ მინდორ ეძებდა. წესით, დევნის სპეცოპერაცია ნახშირღელის პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა ეს ჩანაწერები გამქრალია.
სტიქაროსნის დედამ შვილის გაუჩინარების საქმეზე ქუთაისის პოლიციის მეშვიდე განყოფილებას 27 აგვისტოს მიმართა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ამ დროს თერჯოლის პოლიციამ დამალა ფაქტი, რომ ორი დღით ადრე, სტიქაროსანი მათი დევნის ობიექტი იყო.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ზუსტად ის პოლიციელი მიდის, ვინც თემო ხადურის დევნის ოპერაცია დაგეგმა. ხადურები ამბობენ, რომ თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, კახა ნებიერიძე გვამის დათვალიერებას კანონდარღვევით იწყებს. ხადურის ოჯახის ადვოკატის თქმით, ნებიერიძე შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებებს ანადგურებს. რაც ფოტომასალით დასტურდება. ადგილობრივმა გვამი მდინარის კალაპოტში ნახა, ექსპერტ კრიმინალისტებს კი ადგილზე მისვლის შემდეგ მიცვალებული უკვე მდინარის ნაპირზე დახვდათ გადასვენებული.