ბერას პროფილისა და ოცნების პოლიტიკური პოზიციის ამ მყისიერ ცვლილებას, ტელეკომპანია იმედის ეთერში უკრაინის რადას თავმჯდომარის სტეფანჩუკის მართლაც უმაღლესი პოლიტიკური კლასის დემონსტრირება რომ ვერ გამოიწვევდა, მგონი ყველასთვის გასაგებია. მაშინ საინტერესოა, რამ განაპირობა ეს გარდასახვა: აღარ ეშიანია ოცნებას პუტინის რუსეთის, თუ ნაკლებად აწუხებს ზელენკის გარშემო მოკალათებული “ნაცების” ბედი?!
პირველი და უმთავრესი ფაქტორი, როგორც ჩანს, საზოგადოებრივი ზეწოლაა. კვლევებს ოცნებაში საკმაო სიხშირით ატარებენ და ალბათ იმასაც მიხვდნენ, რომ როდესაც დიდსა და პატარას, უკრაინასთან მიმართებაში ოცნების პოლიტიკაზე საუბრისას პირზე სიტყვა “სამარცხვინო” აკერია, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები, განსაკუთრებით ბუჩაში ჩასვლაზე უარი და რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანასთან ულტიმატუმის ენით საუბარი, საკუთარი მხარდამჭერების უმრავლესობისთვისაც კი უკიდურესად მიუღებელი ყოფილიყო.
არანაკლებ მნიშვნელოვანია გაზრდილი საგარეო ზეწოლა. გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უნებლიეთ უმნიშვნელოვანეს ფაზაში აღმოჩნდა. კანდიდატობის კითხვარი უკვე თბილისშია. ხოლო სასამართლოს, არჩევნების, ადამიანის უფლებების, მედიის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების მხრივ ვითარება სავალალოა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელმა დასკვნამაც დაადასტურა, და რაც კანდიდატობის სტატუსის მიღების ალბათობას სერიოზულად ამცირებს. ერთადერთი საშუალება, რითაც ვითარების გადატეხვა შეიძლება – უკრაინასთან უფრო აქტიური ბმა და დასავლელ პარტნიორებთან მაქსიმალურად ახლოს დგომაა.
არც ისაა გამორიცხული, რომ ომიდან 48-ე დღეს შესაძლოა ივანიშვილმაც ირწმუნა, რომ პუტინი და რუსეთი არც ისეთი უძლეველია, როგორც მას ყოველთვის ეჩვენებოდა. შესაძლოა, მისმა უკიდურესად გამახვილებულმა თვითგადარჩენის ინსტინქტმა ცხადად მიანიშნა მილიარდერს, რომ პოზიციის ცვლილების დროა და რუსეთს თუ დროზე არ ჩამოეხსნა, გარდა იმისა რომ ქვეყანას დაღუპავს, მის აქტივებსაც სიამოვნებით დაასანქციერებენ დასავლეთის დედაქალაქებში.
უფრო რომელმა ფაქტორმა განაპირობა ბერას პროფილისა და ოცნების პოზიციის ცვლილება, თუ ეს უბრალოდ მორიგი მანევრია საკუთარი თავის გადარჩენისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ამას უკვე ოცნების ლიდერების შემდგომი ნაბიჯები გვაჩვენებს.
თუმცა, ამ ნაბიჯების ტრაექტორიას თუ გავყვებით, როგორც ოცნების, თუ გნებავთ ოპოზიციის შემთხვევაში, თავს რეტი შეიძლება დაგვესხას. მაგალითად ისე, როგორც ეს დღეს დაგვემართა: ან მეგობარ და განსაცდელში მყოფ ქვეყანაში წასვლა რა სახვეწარ-საამაყო გახდა და ან წამსვლელი დელეგაციის შემადგენლობის გარკვევა რატომ იქცა სარეფერენდუმო საკითხად.
საკანონმდებლო ორგანოს კაბინეტებში ინტენსიური მიმოსვლისა და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება – სახელისუფლებო და ოპოზიციური. როგორც ერთი, აწ განსვენებული რუსი პრემიერი და შემდეგ კიევში დიპლომატად წარგზავნილი იტყოდა – Хотели как лучше, а получилось как всегда.
მანამდე კი კიევიდან ეს ფოტო გავრცელდა: პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას ლიდერები უკრაინის პრეზიდენტთან ერთობის და სოლიდარობის ჟესტით. ამ დროს, რა თქმა უნდა თბილისი, 2008 წლის აგვისტო გაგახსენდებათ. აქ რომ ქართველი არ დგას, უკვე დიდი პრობლემაა და ამ სამარცხვინო ვაკუუმს ცალ-ცალკე კი არა, ერთად ხორუმის წყობით შესვლაც კი ვერ ამოავსებს.