“ჩვენს დაღვრილ სისხლს ჩირქს ცხებენ” – რას პასუხობენ აგვისტოს ომის ვეტერანები რეჟიმის “საგამოძიებო კომისიას”?

პარლამენტში შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიას და 2008 წლის აგვისტოს ომის რევიზიას, ომის მონაწილე ვეტერანები “მთავარი არხის” ვებგვერდისთვის გამოგზავნილი შეტყობინებებით ეხმაურებიან.

ტარიელ ნემსაძე და ზალიკა ბალიაშვილი ამბობენ რომ ის, რასაც წულუკიანის კომისია აკეთებს, დაღუპული გმირების შეურაცხყოფაა.

“ვარ 2008 წლის ომის ვეტერანი. ვარ კადრის ოფიცერი, ყოფილი კრიმინალური პოლიციის და ასევე სამხედრო პოლიციის ყოფილი მთავარი ინსპექტორ- გამომძიებელი, ასევე ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე, სამი მედლით დაჯილდოებული.

ომი დაიწყო რუსეთმა. ჩვენ, ომის ვეტერანები და პირადად მე, ვართ გაღიზიანებული დღევანდელი ქმედებებით, ჩვენს გადადგმულ ნაბიჯს, ჩვენს გვერდით დაღვრილს სისხლს ჩირქს ცხებენ. ” წერს ტარიელს ნემსაძე. 

“მე ვარ 2008 წლის ომის მონაწილე. ძალიან გული მწყდება რაც ხდება საქართველოში. ჩვენ გენერლებს ეს პრორუსული ხელისუფლება ასამართლებს და დაკითხვაზე დაატარებს. მინდა მივმართო თავდაცვის სამინისტროს ბიჭებს, რომ უბრალოდ ხმა აიმაღლონ, ნურაფრის ნუ შეეშინდებათ და ხმამაღლა თქვან, რომ ჩვენ დამნაშავეები არ ვართ.

პოლიციელებისგან და ჯარისკაცებისგანაც მესმის, რომ ჩვენი საქმე არ არის პოლიტიკა და ჩვენ უბრალოდ ბრძანებებს ვასრულებთ, მინდა ყველამ იცოდეს რომ პოლიტიკა არ არის მარტო იმის საქმე, ვინც სათავეში ზის და მის მანიაკურ ახირებებს ავყვეთ. მინდა, პოლიციას და ჯარს გაუჩნდეს საღი აზრი და მართლა ამ მანიაკების ბრძანებებს არ ასრულებდნენ.

არც სახელის დამალვის მეშინია და არც სახის. შეიძლება სხეული დამიმახინჯონ, მაგრამ სულს ვერავინ დამიმახინჯებს. მე მიყვარს ჩემი ხალხი და საქართველო” წერს 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი ზალიკა ბალიაშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share