კანდიდატის სტატუსი, „მეორე ფრონტი“ და გუბაზ სანიკიძის ინციდენტი – ღარიბაშვილის გამოსვლის ძირითადი პერიპეტიები

24 მარტს, პარლამენტში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ. ის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დაიბარა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა იმის გასარკვევად, რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რატომ შემცირდა თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან შედარებით და რა კეთდება სტრატეგიულ პარტნიორებთან თავდაცვის შესაძლებლობის გასაძლიერებლად. პრემიერმა კი სხდომაზე ისაუბრა „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილზე, რომელიც, მისი თქმით, აქვთ „ექსტრემისტულ“ ოპოზიციას საქართველოში და მის პარტნიორებს – საზღვარგარეთ.  

ინციდენტი პრემიერის გამოსვლის დროს

პარლამენტში ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს, მას დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პარლამენტის წევრმა მთავრობის თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლის დროს შეაგინა.

„ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი იყო ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. გახსოვთ ამის თაობაზე. ახლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორც მიეყიდა სააკაშვილს. ასი ათას დოლარად გაყიდული არის ეს კაცი, რომ იცოდეთ თქვენ, ყველამ“, – თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, რის გამოც შეაგინა მას დარბაზში მყოფმა გუბაზ სანიკიძემ.

„შე ნაძირალა, შე ნაძირალა“, – გამოეხმაურა სანიკიძეს პრემიერ-მინისტრი და დეპუტატს მიმართა, – „შენ ხარ გაყიდული კაცი, შე ნაძირალა კაცო. სულგაყიდული მოღალატე ხარ შენ. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები ვერასდროს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები“.

სანიკიძემ ღარიბაშვილს უპასუხა: „როგორ არ გრცხვენია!”

ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძესთან ერთად, მოღალატე უწოდა დეპუტატს „ლელოდან” დავით უსუფაშვილს.

ამის შემდეგ პარლამენტის კიბეებზე სანიკიძეს „ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს, და მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა.

„მეორე ფრონტი“ და „უკრაინიზაციის გეგმა“ 

პრემიერის განცხადებით, „ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის 20% არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ”.

„იყო არაერთი მცდელობა, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. შეგახსენებთ, რომ თვითონ ეს ფრაზა – მეორე ფრონტი გაჟღერდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან. ბატონმა დანილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი და მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტი გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი, სხვა რეგიონის მისამართით. ისიც აღინიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგები უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც. ეს არის იმ გამოსვლის ძალიან მოკლე შინაარსი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მოისმინა. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, გვარებს აღარ ჩამოგითვლით. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში.

„ვანო მერაბიშვილის ბოლო გამონათქვამს შეგახსენებთ, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ერთ-ერთ უკრაინულ არხზე თქვა, გამოვიდა რუსულ ენაზე და საუბრობდა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა, შეცვლა და შემდეგ ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის სიტყვები, რომელიც მერაბიშვილმა თქვა საჯაროდ. ეს არის მტკიცებულებები და მე მხოლოდ ფაქტებს შეგახსენებთ.

„რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, 20% არის ოკუპირებული და ჩვენს ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატო-ს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა  არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება.

„მადლობა ღმერთს, წარმატებით ვახერხებთ. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებიან საკუთარი უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დაცვას და როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს, თუ რატომ ერიდებიან ისინი ესკალაციას პირდაპირ რუსეთთან, მათი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ რუსეთთან მათი პირდაპირი ესკალაცია და კონფრონტაცია გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. ჩვენთვის, საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, რადგან ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს. ჩვენი მთავარი ამოცანა, მათ შორის, თქვენიც, ოპოზიციის წარმომადგენლებო, უნდა იყოს ერთიანობის შენარჩუნება და ამ დიდი გამოწვევის წინაშე ერთობლივად გამკლავება,“ –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კანდიდატის სტატუსი

პრემიერი თქმით, ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, არაფერს აკეთებს, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რათა მეტი დაძაბულობა შემოიტანონ საზოგადოებაში.

„ახლა რაც შეეხება სტატუსს და ზოგადად სტატუსის ამ გზაზე მოქმედ ქვეყნის მტრებს, მე ასე დავარქმევდი. მტერია ის ადამიანი, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. მტრობა არის ის, რომ ნაცვლად თანამშრომლობისა, ოპოზიცია და დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს. მტრობა არის ის, რომ დადიხართ, თქვენ არ ვიცი, მაგრამ თქვენი კოლეგები ბრიუსელში და აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მტრობა არის ის, როდესაც, მახსოვს ძალიან კარგად, ბრიუსელში დადიოდნებ თავად ბატონი სააკაშვილი, დავით ბაქრაძე და სხვები, თქვენი კოლეგები, რომ ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. აი, ეს არის მტრობა და ამ მტრობაში, მტრულ საქმეში, რა თქმა უნდა, ჩართული გყავთ თქვენს მიერ მოსყიდული, კორუმპირებული ლობისტები და ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც წარმატებით აკეთებენ, აი, ამ დაკვეთას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესების პირდაპირი მტრობა. ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. თქვენ გაგვეცით პასუხი თქვენს ერთადერთ პირობაზე, რეკომენდაციაზე რას აკეთებთ?! რას აკეთებთ, რომ ქვეყანაში შეამციროთ პოლარიზაცია?! არაფერს, პირიქით, ყველაფერს აკეთებთ, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და თქვენც ხართ ჩართული და მონაწილე ამ შეთქმულების, მე ასე ვიტყოდი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აღარ ესწრებიან მაშინ, როცა მათი მოწვევით მოვედი დღეს პარლამენტში. აქაც გამოჩნდა მათი ევროპულობა. აქაც გამოჩნდა, როგორი ხელწერა აქვთ ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას და მადლობა ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ახლა დარბაზში იმყოფებიან. მე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო დღევანდელი დღე. ვფიქრობ, სასარგებლო იყო და  ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, თუ სად დგას ჩვენი მთავრობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დასკვნით სიტყვაში მთავრობის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის სწორ, გონივრულ პოლიტიკას კეთილდღეობა მოაქვს.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share