ოზურგეთის სამხედრო კომისარიატის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საშემოდგომო გაწვევის გეგმა წარმატებით შესრულდა.
საქართველოს სხვადასხვა შეიარაღებულ ძალებში გურიის ადმინისტრაციული ცენტრიდან 18 წვევამდელი გაიწვიეს.
თუმცა “გურიის მოამბეს” ხელთ არსებული ინფორმაციით, გაწვევის შესახებ შეტყობინება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2000 მეტ წვევამდელს გაეგზავნა-მათგან კი მხოლოდ 18-ის გაწვევა მოხერხდა.
როგორც ოზურგეთის სამხედრო განყოფილებიდან გვიხსნიან, ამის მიზეზი ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლებაა”:
“ყოველდღიურად ათეულობით წვევამდელი მოდის ჩვენთან დოკუმენტაციით, ზოგი მღვდელია, ზოგი დიაკვანი, არიან არქიმანდრიტები და ეპისკოპოსებიც კი, ამ მიზეზით მათი გაწვევა ვერ ხერხდება” გვიხსნიან სამხედრო კომისარიატში.
“ბიბლიური თავისუფლება” პოლიტიკურ ორგანიზაცია “გირჩის” მიერ დაფუძნებული ფიქტიური ეკლესიაა, “გირჩმა” რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” იმ მიზნით დააფუძნა, რომ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს. “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემული მღვდელმსახურის ცნობით ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურს უვადებენ”.
თავად ამ ორგანიზაციასთან დაკავშირება ახალგაზრდების მიერ – მუნიციპალურ სამხედრო განყოფილებებში არსებული კორუფციისა და ოფიციალური გადასახადების თავიდან არიდების მიზნით ხდება.
როგორც ცნობილია ოფიციალურად გადავადება გარკვეულ თანხებთან ასოცირდება, მაგრამ, როგორც წვევამდელთა ოჯახების წარმომადგენლები რედაქციასთან საუბრობენ, იმისათვის რომ სამხედრო განყოფილებაში ამ პროცესში (გადავადების) ჩაგრთონ, ოზურგეთში არსებული კორუფციული სქემით, “ქრთამი’ 500 ლარიდან იწყება:
“ოზურგეთის კომისარიატში 2000 ლარი მომთხოვეს, ნაცნობმა მასწავლა თუ როგორ მოვქცეულიყავი, რადგან ჩემს შვილს იმ მეთოდით, რა მეთოდსაც დღეს სამხედრო განყოფილება გვთავაზობს, და ამ გზით სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდას გვაიძულებენ, არ უნდოდა, მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჩემმა შვილმა სამხედრო სპეციალობა მიიღოს, მაგრამ არ გვსურს, შვილმა წელიწადი ვიღაცის დარაჯად ყოფნაში დაკარგოს, ამიტომ ჩავედით ქუთაისში და გავაფორმეთ დოკუმენტები, ეს სულ რარაც 50 ლარი დაგვიჯდა” – გვიყვება ერთ ერთი წვევამდელის მშობელი.