საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ, ბოლო 6 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ავტომობილს 70 ათასი ლარი დაახარჯა – ამის შესახებ განცხადება დღეს ბათუმში, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა გააკეთეს.
მათ წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ 2016 წლიდან დღემდე, ბოლქვაძე საწვავთან ერთად, საკუთარი მანქანის რემონტისათვის თანხას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ხარჯავს. მოძრაობის წევრების თქმით, ანზორ ბოლქვაძე, რომელიც ისედაც დიდ ქონებას ფლობს აჭარის მაღალმთიანეთში და სწორედ ქართული ოცნების პირობებში გამდიდრდა, პარლამენტარობის პრივილეგიას მანქანის ხარჯებისთვისაც იყენებს.
ლევან გორგილაძე ამ ფაქტთან პარალელს ავლებს ნიკა გვარამიას საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში სწორედ კერძო კომპანიის ავტომანქანით სარგებლობისთვის გაუშვა.