“დაუყოვნებლივ დაუწესდეს სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები “ოცნების” მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებს” – მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტებისა და Freedom House-ის მიმართვა აშშ-სა და EU-ს

მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტები და Freedom House შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებს “ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირებისკენ მოუწოდებენ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნიან. ამის შესახებ სამი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

 

“მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დააწესონ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის არიან “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები და მათი ოჯახები. შეერთებული შტატები, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ავტოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ, ქართველ ხალხთან უნდა დადგეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

სამი ორგანიზაცია იხსენებს 14 მაისს, როცა “ოცნების” პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო  და წერს, რომ “კანონი ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას”. ასევე, განცხადებაში წერია, რომ “ეს კანონი, რომელიც ასახავს კრემლის კანონს, რომელიც რუსეთში განსხვავებული აზრისა და ოპოზიციის აღსაკვეთად შეიქმნა, დამანგრეველ გავლენას მოახდენს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიაზე”.

განცხადების ავტორები წერენ, რომ ათასობით ქართველი კვირების განმავლობაში გამოდიოდა ქუჩაში იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ავტორიტარების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება მშვიდობიანად გაეპროტესტებინა.

 

“ქართველი ხალხი აღიარებს, რომ ეს კანონპროექტი მათი უფლებებისა და თავისუფლებისთვის უახლესი საფრთხეა. ისინი ცხადყოფენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპასა და დემოკრატიაზეა და არა რუსეთსა და რეპრესიებზე”, – წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივი დარბევით უპასუხა და პოლიცია აქციის მონაწილეებს თავს დაესხა და სცემა.

 

“ამ კანონის მიღება “ქართული ოცნების” მიერ, წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯ, შელახოს მან საქართველოში დემოკრატია და თავისუფლება… 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ “ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”. დღეს ჩვენი ორგანიზაციები აგრძელებენ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მათი მოთხოვნების მხარდაჭერას, რაც ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს ეხება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share