მისი თქმით, ნებისმიერ არჩევნებზე ყველაზე მოწყვლადი სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები არიან, შესაბამისად, ამ გზით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ახალი სამინისტროს შექმნა, ელემენტარულად, იწვევს ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას. იმიტომ, რომ ამ სამინისტროებს უნდა გაუჩნდეს თავის აპარატი. თავის დროზე, „ქამრების შემოჭერის“ მიზანი იყო ხარჯების შემცირება, ახლა, მთავრობის პოლიტიკა არის სახელმწიფო ხარჯების ზრდა, უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჰყავდეთ ბიუჯეტის დაფინანსებაზე. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მოწყვლადი კატეგორია ნებისმიერ არჩევნებზე. შესაბამისად, რასაც ჩვენ ადმინისტრაციულ რესურსს ვეძახით, სწორედ ეს არის, რასაც შემდეგ იყენებენ არჩევნების დროს.
მე კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს, როგორც ტრამპმა შექმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი, ჩვენთან რომ ქმნიან, ისინი რას იტყვიან, ეფექტიანია სამინისტროების გაყოფაო?! ნეტა, სხვა სამინისტროებიც ხომ არ გაგვეყო და ერთ დიდ ადმინისტრაციულ რესურსად ხომ არ გვექცია მთელი ქვეყანა?!“,- ამბობს ირაკლი მელაშვილი.
ცნობისთვის, “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკაზე “ქართულმა ოცნებამ“ 2015 წელს დაიწყო საუბარი და ამის მთავარი მამოტივირებელი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იყო. აღნიშნულის ფარგლებში, მაშინდელი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის შემცირების იდეით გამოვიდა და 14 სამინისტრო 11-მდე შეიკვეცა.
კერძოდ, გაერთიანდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდა დევნილთა სამინისტრო, ხოლო კულტურისა და სპორტის მიმართულება განათლების სამინისტროსთან გაერთიანდა.
მოგვიანებით, განათლებას ისევ გამოეყო კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 2 აპრილს კი, ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფა გადაწყვიტა.