ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

89 მომხრე3 წინააღმდეგი – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა, დემოკრატია პროგრესის ნაცვლად რეგრესს განიცდის, ამიტომ ევროდეპუტატები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, წინა რეზოლუციაში გაწერილი პუნქტები დაუყოვნებლივ შეასრულოს.

რაც შეეხება [PACE-ს] მოწოდებას ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული პარლამენტის არჩევნების გამოცხადებას, – ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა“. – წერია რეზოლუციაში. 

რეზოლუციაში “ქართული ოცნების” დელეგაციის მიერ PACE-ს დატოვებაზეც არის ყურადღება გამახვილებული.  ევროპარლამენტარები ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს ეუბნებიან, რომ “საქმიანობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის ჩართულობა არა არჩევანი, არამედ მოვალეობაა“.

  • რეზოლუციაში ასევე წერია, რომ “დემოკრატიული უკუსვლა ხელს ვერ შეუწყობს “ქართული ოცნების” დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუკი ისინი დაესწრებიან ასამბლეის სესიას სამომავლოდ”.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტის ნაწილი ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიასაც დაეთმო.

შემაშფოთებელია, რომ PACE-ში საქართველოს დელეგაციის ყოფილი წევრები დაბარებულნი არიან გამოძიებაში და შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ #1633 რეზოლუციის შესახებ ხმის მიცემის გამო“. – წერია დოკუმენტში.

რა წერია დოკუმენტში?

  • ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს “ქართული ოცნების” დელეგაციის წევრების „გადადგომის“ გამო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ასამბლეაში მონაწილეობა ვალდებულებაა და არა არჩევანი“;
  • თუკი წინა რეზოლუციაში ასამბლეამ არაერთი საკითხი დასვა, რაშიც პროგრესის მიღწევას ელოდა აპრილისათვის, ახლა „დანანებით შენიშნავს, რომ სასწრაფო რეკომენდაციები არ შესრულებულა და ქვეყანაში ვითარების გაუარესება გაგრძელდა“;
  • საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა არ განხორციელებულა; საარჩევნო კოდექსის ახალმა ცვლილებებმა მმართველ გუნდს მოუტანა უპირატესობა, ცესკოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შესუსტდა და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნდობაზე დამყარებულ გარემოში ვერ ჩატარდება;
  • ასამბლეა შეშფოთებულია დემონსტრანტების, ჟურნალისტების დევნის გამო, ასევე, სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების გაყინვის გამო;
  • ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტს, ეწვიოს საქართველოს სამუშაო ვიზიტით;
  • აღნიშნავს „პოლიციის ძალადობის შემცირებას“, თუმცა შეშფოთებულია, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის ეპიზოდები სათანადოდ არ გამოუძიებიათ, რაც „დაუსჯელობის გარემოს“ ქმნის; განსაკუთრებით გმობს პოლიტიკოს ელენე ხოშტარიასადმი არაადამიანურ მოპყრობას;
  • შეშფოთებას გამოხატავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების გამო, რაც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს;
  • აღწერს მედიის თავისუფლების მიმართულებით ვითარების გაუარესებას და აკრიტიკებს ახალ შემზღუდავ კანონებს;
  • ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების გათავისუფლებას;
  • მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ FARA-ს, რასაც ახასიათებს, როგორც კანონს, რომელსაც „აქვს იგივე მიზნები, რაც „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს, თუმცა შემოაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
  • ასამბლეა გმობს ერთპარტიულ პარლამენტში „2003-2012 წლების ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის“ საქმიანობას და კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
  • ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ სურვილით, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალოს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share