საქართველოში მცხოვრები ფრანგი ჟურნალისტი, კლიმენტ ჟირარდოტი წერს, რომ ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. როგორც ამბობს, მესაზღვრეებს მიზეზი არ განუმართავთ. თუმცა, ჟურნალისტი ამას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
“ახლა უკვე შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც 12 თებერვალს თბილისის აეროპორტში გადამხდა. მიუნხენიდან ღამით დაგვიანებული და დამღლელი ფრენის შემდეგ, როცა პასპორტის კონტროლის რიგში ერთ საათზე მეტხანს ველოდე, საქართველოს ტერიტორიიდან გამაძევეს.
პოლიციელმა მომცა ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ქვეყანაში შემოსვლა “სხვა მიზეზით” ამიკრძალეს და მითხრეს, რომ შესაძლოა მომავალში შევძლო დაბრუნება. შემდეგ გავიგე, რომ ჩემი სახელი და გვარი შინაგან საქმეთა სამინისტროს „წითელ სიაში“ იყო და ეს აკრძალვა დროებითი არ ყოფილა.
ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია და შესაძლოა ვერც ვერასდროს გავიგოთ, თუმცა ეს გადაწყვეტილება უდავოდ უკავშირდება ჩემს საქმიანობას, როგორც ჟურნალისტს — იმ დროს, როცა ჩემს ქართველ კოლეგებს და დამოუკიდებელ მედიას დიდი პოლიტიკური ზეწოლის ფონზე უწევთ მუშაობა, და როცა მოქალაქეებს სასტიკად ავიწროებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავენ.
2012 წლიდან ვწერ საქართველოზე. ამ წლების განმავლობაში შევხვდი სხვადასხვა პროფესიისა და სოციაური ფენის ადამიანებს. თითქმის ყველა კუთხეში ვიმოგზაურე და ყველგან თბილად მიმიღეს. 28 ნოემბრის შემდეგ, ჩემი სამუშაო ძირითადად კონცენტრირდა რეპრესიების მსხვერპლებზე — მჯერა, რომ როგორც ჟურნალისტმა და როგორც საქართველოს მეგობარმა, ჩემი მოვალეობა შევასრულე.
ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამიკრძალა საქართველოში შემოსვლა, რადგან სურს, რომ თავისი ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა საზოგადოების თვალისგან მოშორებით განახორციელოს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ქართული ოცნება ვერ მიაღწევს მიზანს. მე გავაგრძელებ საუბარს ქართველი ხალხის ბრძოლასა და მათ ტკივილზე. და, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდები თბილისში”, – წერს ჟირარდო. [ნეტგაზეთი]