ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი: საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპაციის კანონი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი ამბობს, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი” და ხელი მოაწეროს შეთანხმებას “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ”.

ეს განცხადება დე ფაქტო მინისტრმა რუსეთის სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედიასაშუალება TASS-თან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნდა.

“საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იმაზე, რომ მათ სურთ, გააუმჯობესონ ურთიერთობები თავიანთ მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთთან, ჩვენი ყურადღების მიღმა არ რჩება, მაგრამ ამავდროულად საჭიროა პრაქტიკული დადასტურებები და რეალური ნაბიჯები.

ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს რამდენიმე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება. ასევე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ხელი მოაწერონ სამხედრო ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას”, – თქვა მან.

საქართველომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო.

აფხაზეთის ფე დაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ოლეგ ბარციცი 2025 წლის 18 აპრილს დაინიშნა. მან სერგეი შამბა შეცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share