რამ უნდა გააჩეროს ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო? რამდენად მასშტაბური შეიძლება იყოს ანტისაომარი მოძრაობა რუსეთის ფედერაციაში? რა პარალელები არსებობს ამ ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომს შორის? რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს უპასუხა დმიტრი მურატოვმა – ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში და „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა.
”პუტინი, რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტი, ძაღლად არ აგდებს ევროპელ პოლიტიკოსებს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი სულ იცვლებიან, თავად კი – არასდროს. მეორე იმიტომ, რომ როდესაც ისინი ღირებულებებზე ელაპარაკებიან, ესმით, რომ მათ თავისი ფასი აქვს. იქ, ჩვენ მგონი, ბითუმად ნაყიდი ერთ დუჟინზე მეტი – 16, ყოფილი კანცლერი, მინისტრი, პრემიერი გყავს, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო ან სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი კომპანიების დირექტორთა საბჭოებში არიან. ამიტომ ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროპის ელიტის ყველა საუბარი ფასეულობებსა და დემოკრატიაზე, პუტინისთვის დიდი ხნის წინ არის დასრულებული. უყურებს მათ იარლიყებს და ქირქილებს. თანაც ამ იარლიყებს თვითონ ჰკიდებს, ისინი კი ყაბულდებიან. კიდევ შეიძლება კანფეტიც გადაუგდოს მათ, ისინი კი დასაჭერად შეხტებიან. ამიტომ, ევროპული მმართველი ელიტის იმედად ყოფნა, სიმართლე რომ ვთქვა, უბრალოდ ძალიან უცნაურია.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გაჩაღებული ომი, რუსეთის ოკუპაციური ომი უკრაინის წინააღმდეგ – ეს არის რუსების საქმე. რუსებმა უნდა თქვან „არა“. იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ასეთ ომს იწყებენ, უნდა გადადგნენ – მაგალითად, პუტინი, რადგან ახლა მხოლოდ მას შეუძლია გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია სანქციებთან, ეკონომიკის მკვლელობასთან და, რაც მთავარია, იმასთან, რომ მომავალი დაუნგრია რუსეთის ახალ თაობას.
როცა საქართველოს ამბები იყო, სკოლებში არკვევდნენ, ხომ არ იყო მოსწავლეებს შორის ვინმე საქართველოდან ან ქართული გვარით, ნახევარ მოსკოვს კი მაისურებზე ეწერა „მე ქართველი ვარ“. უბრალოდ მინდა ეს შეგახსენოთ. ასე რომ, ნორმალური, ადამიანური და აბსოლუტურად ემპათიური კავშირი გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან.
ვარსებობთ ოქსიმირონი, გრებენშჩიკოვი, მე და „ნოვაია გაზეტა“ და, რომ არის ჩემი მეგობარი იური იულიანის ძე შევჩუკი, რომელმაც დაწერა: „ДДТ და შევჩუკი – ომის წინააღმდეგ“, არიან ივან ურგანტი და მელაძე, არის აბსოლუტურად შესანიშნავი, უკვე მწერლად ქცეული ზიგარი; არიან დიმა ბიკოვი და აკუნინი, რომელიც თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს, ნამდვილი გვარით ჩხარტიშვილი… მაგრამ საქმე ეს როდია. მშვიდობის მომხრეთა პეტიციამ, რომელიც ინტელიგენციის კონგრესმა შეადგინა, ამ მომენტისათვის 470 ათასი ხელმოწერა შეაგროვა, რეალური ხელმოწერა. ალბათ ერთ-ორ საათში ნახევარ მილიონსაც მიაღწევს. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არსებობს ციფრული ფიშინგი, სადაც შესაძლებელია ყველას სათითაოდ მოძებნა და მათთვის უსიამოვნებების შექმნა. ასე რომ, ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელმაც ღიად მოაწერა ხელი ანტისაომარ პეტიციას, ეს ხალხის მაღალი ხარისხია.
ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება გამოძღა საკუთარი პროპაგანდით და ახლა მთელ სამყაროს არწყევს მას.” – განაცხადა მურატოვმა.
წყარო: რადიო თავისუფლება