„დამაიმედებელ პროგნოზს ვერ გავაკეთებ – მოვიდა თაობა, რომელსაც არ სურს ბევრი შვილის გაჩენა” – დემოგრაფი

მისი თქმით, ის, რომ ქვეყანაში შობადობა შემცირდა, მოსალოდნელი იყო, რადგან შობად ქალთა კონტინგენტმაც იკლო.

ამასთან, დემოგრაფი აღნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი ამის გამომწვევი ახალგაზრდების ქცევაა, რომელთაც 3 და მეტი შვილის გაჩენა აღარ სურთ.

თუმცა, როგორც გიორგი მელაძე აღნიშნავს, ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციაა და მას არც საქართველო ჩამორჩება. შესაბამისად, შობადობის კიდევ უფრო შემცირებას პროგნოზირებს.

„ჩვენ, დემოგრაფები ასეთ შედეგს ველოდით და მეტიც, მომავალში კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით. გეტყვით, რატომ – ჩვენს დემოგრაფიულ სისტემაში შობად კონტინგენტ ქალებს (15-49 წელი ითვლება) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შობადობისთვის.

შედარებისთვის, 1994 წელს ამ ქალების რაოდენობა 1.2 მლნ-ზე მეტი იყო; უკვე 2024 წელს კი რაოდენობა 820 ათასზე ოდნავ მეტია. წარმოიდგინეთ, რამდენით არის შემცირებული შობადი კონტინგენტი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დაბადებულთა რაოდენობა შემცირდებოდა და მომავალში კიდევ არის შემცირება მოსალოდნელი. მე დამაიმედებელ პროგნოზს ვერ გავაკეთებ.

გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდა თაობა ნაკლებად არის ორიენტირებული ბევრი ბავშვის გაჩენაზე. ვგულისხმობ, 3 და მეტი შვილის ყოლას. ერი რომ გამრავლდეს, ეს რაოდენობაა საჭირო. ჩვენ ფაქტის წინაშე ვართ, მოვიდა თაობა, რომელსაც არ სურს ბევრი შვილის გაჩენა. ეს შედეგი უკვე დამდგარია დასავლეთში და ეს დემოგრაფიული პროცესები რაც გლობალურია, ხდება საქართველოშიც.

მთელ მსოფლიოში შემცირებულია შობადობა. რომ ნახოთ განვითარებული ქვეყნები, ჩვენზე უარესი ვითარებაა დემოგრაფიის კუთხით, იგივე იაპონიაში, გერმანიაში. ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს და დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გლობალური ტენდენციაა. დღევანდელი თაობა ორიენტირებულია მცირე შვილიანობაზე”, – ამბობს გიორგი მელაძე.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა, 43 971 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისად, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება 4 488 ერთეულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ დაბადებულთა რაოდენობა 1994 წლიდან მოყოლებული ასეთი დაბალი არ ყოფილა და 40 ათასიან ნიშნულსაც პირველად ჩამოსცდა.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share