„დროში შეკუმშული კომპარტიის ყრილობა“ – დავით უსუფაშვილი „ოცნებაზე“

“ის, რაც დღეს მოხდა, იყო არაფერი სხვა, თუ არა დროში შეკუმშული კომპარტიის ყრილობა, როდესაც შეიკრიბებოდნენ პატივცემული გვამები მოჭრილი ჩაცმულობით, გამოწკეპილნი, გამეხებული, სერიოზული სახეებით, ვითომ იქ რაღაცას წყვეტდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, ზემოთ ერთი ან ორი კაცი რაღაცას გადაწყვეტდა და მერე ყველა ერთად ხელს აუწევდა. უბრალოდ, იქ ბევრი გამოსვლა და ბევრი ტაში იყო, აქ ესეც ეზარებათ.რაც შეეხება შინაარსს – მე თავად პარტია “ქართული ოცნების” შიგნით არასდროს ვყოფილვარ, მაშინაც კოალიციაში ვიყავი, თუმცა, ვხედავდი როგორ იქმნებოდა ან როგორ კომპლექტდებოდა. მახსოვს, რამხელა ფიქრი და განსჯა იყო, ვინ უნდა ყოფილიყო პოლიტსაბჭოში, ვინ უნდა ყოფილიყო პარტიის ხელმძღვანელი და ა.შ. ახლა რასთან გვაქვს საქმე – ახლა გვაქვს ერთმანეთთან დარეულ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ადამიანებს შორის ბრძოლა, რომელშიც ხან ერთი წამოიწევს წინ და ჩაიგდებს ხელში ძალაუფლების კურთხევასა და მადლს საპატიო თავმჯდომარისგან, მერე ის გახდება პარტიის თავმჯდომარეც, პრემიერიც, მერე რაღაცის გამო ვიღაცას ცოტა გაწევენ. ეს ცოტა გაწევა ყველას აშინებს იმიტომ, რომ იციან, ამას ბოლომდე გაწევა მოჰყვება ხოლმე. ეს რომ არ ხდებოდეს ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანაში და არ ვლაპარაკობდეთ იმ ხალხზე, ვისაც დე ფაქტოდ ხელში უპყრიათ ჩვენი ქვეყნის ბედი, მომავალი და ძალაუფლება, მაშინ მშვენიერი სერიალია, რომლითაც შეგვიძლია გავერთოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share