ჩიკვაიძე და პაპიაშვილი იმიტომ დასაჯეს ასე სასტიკად, ივანიშვილის ბრძანებებს რომ არ დაემორჩილნენ – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ბიზნესმენების, გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილისთვის პატიმრობის მისჯას. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, იზა კელენჯერიძის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

“უსამართლობა!!!! გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს ასე სასტიკად, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ბრძანებებს რომ არ დაემორჩილნენ და კანონი რომ არ დაარღვიეს.

9 წელი რომ არ გასტანს ეს რეჟიმი და არც 9 თვე, ეს უკვე ნათელია თუნდაც დღევანდელი ყრილობის შემხედვარე თვალისთვის. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რამდენიც არ უნდა გაგრძელდეს მათი პატიმრობა, ერთი დღეც აუტანელია უდანაშაულო ადამიანისთვის. მათ და მათ ოჯახებს ვუცხადებ სრულ სოლიდარობას და ვუსურვებ მხნეობას ამ განსაცდელის ჟამს.

უსამართლობასთან ბრძოლა ძალიან რთულია, ამავდროულად, ეს ყველაზე ღირსეული ბრძოლაა! ხვალ კიდევ სხვა პროცესია, სხვა სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც სასამართლოსთან და სამართალთან არანაირი კავშირი არა აქვს. ყველას ჩემი პატივისცემა და თანაგრძნობა. თავისუფლება ყველა სინდისის პატიმრებს!!!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ხვალ, 8 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის – ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, რევაზ კიკნაძის, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, სერგი კუხარჩუკის, ონისე ცხადაძის, ანდრო ჭიჭინაძის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის და ირაკლი ქერაშვილის სხდომა გაიმართება. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. სავარაუდოა, რომ მოწმის სახით გამოიკითხებიან საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share