„ქართული ოცნების“ მთავრობა „დემოკრატიების ალიანსის“ 2025 წლის ანგარიშით იწონებს თავს, რომლის მიხედვითაც მთავრობის გამჭვირვალობის აღქმის ინდექსით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. კვლევაში საქართველოს მსგავსი ქვეყნების ზონაშია ჩინეთი, საუდის არაბეთი და ალჟირი.
თუმცა კვლევის იმ თავში, რომელიც მთავრობის გამჭვირვალობის გლობალური აღქმას შეეხება, ვკითხულობთ: „ფართოდ გავრცელებულია აღქმა, რომ მთავრობები საზოგადოებისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავენ“ და ამ კუთხით დემოკრატიული და ავტორიტარულ ქვეყნების შეფასებებში არანაირი განსხვავებები არ არის.
„საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბურ კვლევაზე მსოფლიოში, საქართველო, მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამასთან საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა ე.წ. „მწვანე ზონაში“, ანუ დადებითად არის შეფასებული“, – ვკითხულობ „ქართულის ოცნების“ მთავრობის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
დემოკრატიის აღქმის ინდექსი (DPI) მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კვლევაა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები დემოკრატიას, რომელსაც ატარებს Nira Data დემოკრატიების ალიანსთან თანამშრომლობით. კვლევის შედეგები ეფუძნება 100 ქვეყანაში 111,273-ზე მეტ ადამიანთან ინტერვიუს, რომლებიც 2025 წლის 9 აპრილიდან 23 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა.
კვლევის ერთ-ერთი თავი ეთმობა მთავრობის გამჭვირვალობის გლობალური აღქმას. კვლევის მიხედვით, „ფართოდ გავრცელებულია აღქმა, რომ მთავრობები საზოგადოებისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავენ“ და ამ კუთხით დემოკრატიული და ავტორიტარულ ქვეყნების შეფასებებში არანაირი განსხვავებები არ არის.
„მთავრობის გამჭვირვალობის შეფასებები ყველა სხვა დემოკრატიულ კომპონენტთან შედარებით უფრო დაბალია, დემოკრატიულ, ავტორიტარულ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და არა-OECD ქვეყნებს შორის თითქმის არანაირი განსხვავება არ არის“, – ვკითხულობთ „დემოკრატიების ალიანსის“ ანგარიშში.