მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდეირს, ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებზე ოპოზიციის “დესტრუქციულ სცენარში” მნიშვნელოვანი მონაწილეები “TV პირველი” და “მთავარი არხი” იქნებიან.
“დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები – მთავარი არხი და ტვ პირველი. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი ტვ პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ “აპირებენ ხმაურს და არეულობას”, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის მტკიცებით, დღეს, 29 ოქტომბერს თბილისში ენმ-ს აქციაზე პარტიის წარმომადგენლები გეგმავენ მონიტორზე მხოლოდ იმ უბნების მონაცემები აჩვენონ, სადაც პარტიას უკეთესი შედეგები აქვს.
კობახიძემ მორიგი ბრიფინგი გამართა და მისი მტკიცებით, არჩევნების დღეს ოპოზიციის “დესტრუქციული” გეგმები ამხილა.