მარკო რუბიოს გზავნილი არის პასუხი კობახიძის სულელურ წერილზე და “ოცნების” განცხადებებზე – ექსპერტების პირველი რეაქცია

ეს არის პასუხი კობახიძის სულელურ წერილზე და “ოცნების” იმ განცხადებებზე, რომელსაც ყოველდღიურად ვისმენთ, – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ “ქართული ოცნების” ხელისუფლების “ანტიამერიკულ მთავრობად” გამოცხადებას.

მარკო რუბიოს მწვავე გზავნილების ფონზე, “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ აშშ ივანიშვილის რეჟიმს საკადრის პასუხს გასცემს და საკუთარ ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანს.

”ინტელექტუალურ შეცდომასთან გვაქვს საქმე. ვერ იგებენ ვერაფერს. როდესაც მარკო რუბიო საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად ამბობს და იწყებს ლაპარაკს იმით, რომ იქ, სადაც არის ამერიკის საწინააღმდეგო მმართველობა, ჩვენ ვართ გადასინჯვის პროცესში და აუცილებლად გვექნება რეაქცია, მგონი აქ გაგება არის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა.

როდესაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სინქრონულად მოქმედებს კონკრეტული ამოცანის მიმართ, ეს ამოცანა სრულდება. ყველაზე ცუდი ამბავი საქართველოსთვის იქნება, რომ “ქართულმა ოცნებამ” მორიგ ჯერზე ვერ გაიგოს ეს პირდაპირი გზავნილი და საქმე უფრო მძიმე დრამამდე მიიყვანოს, თავისი მხრიდან მცდელობა არ დააკლოს, რომ გაწყდეს ურთიერთობები. არის არა მარტო ამ სულელური წერილის პასუხი, არამედ ასევე იმ განცხადებების სერიაზე პასუხი, რომელსაც ყოველდღიურად ვისმენთ”. – განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას “ანტიამერიკული მთავრობა” უწოდა – მარკო რუბიომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამოსვლის დროს, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ დაანონსა ისიც, რომ ამერიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ “ზომებს მიიღებს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share