”მე მინდა გამოვეხმაურო მომხდარ ინციდენტს ბათუმში, რომელიც ეხებოდა გერმანიის ელჩსა და მის მეუღლეს, რომელთაც, ორივეს მიაყენეს შეურაცხყოფა. ეს მიმაჩნია, რომ არის უფრო შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის. ქვეყნისთვის, რომელმაც მიიღო გერმანიისგან უდიდესი დახმარება ამ 30 წლის მანძილზე ყველა მიმართულებით. თუნდაც იმ მიმართულებით, რომ დღეს ვინც არის ქვეყნის მმართველობაში, საქართველოში, „ქართულ ოცნებაში“, თითქმის ყველამ გაიარა გერმანული უნივერსიტეტები და იქიდან მიიღეს განათლება. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომლის როლიც გადამწყვეტი იყო იმ დროს, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში შესასვლელად. და ჩვენ ინტეგრაციის პროცესში – გერმანიის გარეშე არ არსებობს ინტეგრაციის პროცესი. ასე რომ, მე მინდა, ჩემი მხრივ – და ამაში მინდა გავაერთიანო ასევე პლატფორმა „წინააღმდეგობის პლატფორმა“ – გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ბატონ ელჩთან და მის მეუღლესთან. ჩვენ გვყავს მეგობრები ევროპაში, ეს მეგობრები გვეხმარებიან და მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების სწორედ მხარს უჭერს, აფასებს. და თვითონაც მითხრა ელჩმა დღეს, როცა შევხვდი – მითხრა, რომ ადგილზე იმ დროს, როცა ვიღაცა ლანძღავდა მათ, იყვნენ ძალიან ბევრი ადამიანები, უბრალო ადამიანები, საზოგადოების წარმომადგენლები იქ, რომლებმაც ამოიღეს ხმა და, პირიქით, გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და პატივისცემა ელჩის და მის მეუღლის მიმართ. მე მინდა, მათ პირადად დიდი მადლობა ვუთხრა.”
მსგავსი სტატიები:







