”ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს ქართველი ხალხის ინტერესების გაყიდვა რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე – გიგაური

“ოცნება” რუბიოს განცხადებას უნდა დაუფიქრდეს და უნდა შეწყვიტოს ქართველი ხალხის ინტერესების გაყიდვა რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა  განაცხადა.

მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის რეჟიმი სინდისის პატიმრებს ციხის კარს არ გაუღებს, დრაკონულ კანონებს არ გააუქმებს და ანტიამერიკული განცხადებების გაკეთებას არ შეწყვეტს, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს ვერ გადატვირთავს.

”ისინი ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს სხვა კუთხით იყენებენ. “მეგობარ აქტში” აღნიშნული არის რუსეთთან ერთად, ირანის და ჩინეთის გავლენები. ამ მიმართულებითაც სცოდავენ “ოცნების” წარმომადგენლები. ჩვენ ვხედავთ საქართველოში ირანის და ჩინეთის გავლენების გაძლიერებას. ესეც არის ის კუთხე, რა კუთხითაც ისინი საქართველოში არსებულ პრობლემებს უყურებენ. მგონია, რომ ამ განცხადებას “ქართული ოცნება” უნდა დაუფიქრდეს. ტყუილია, რომ მათ არ იციან, რა უნდა გააკეთონ. არსებულმა ადმინისტრაციამაც მათ უთხრა, რა არის მათგან მოსალოდნელი, თუ უნდათ, რომ ნორმალიზება მოხდეს ურთიერთობების. აქ არის საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ანტიამერიკული პროპაგანდის შეწყვეტაზე, კანონების გაუქმებაზე.” – განაცხადა ეკა გიგაურმა. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას “ანტიამერიკული მთავრობა” უწოდა – მარკო რუბიომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამოსვლის დროს, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ დაანონსა ისიც, რომ ამერიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ “ზომებს მიიღებს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share