რას გეგმავენ ოჩამჩირის პორტში?

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მალე ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო ფლოტისთვის ტექნიკური ბაზა აშენდება. ბადრა გუნბა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა არ იგეგმება, თუმცა შავი ზღვის რუსული ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაიხსნება, რომელიც რუსულ სამხედრო გემებს მოემსახურება. არადა, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, სუს-ის შეფი ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის მშენებლობა არ იგეგმებოდა.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, გავრცელდა აეროგადაღების კამერით გადაღებული მასალა, სადაც ჩანდა, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში საოკუპაციო ძალების მიერ დაწყებული სამუშაოები. როგორც ჩანს,  ანრი ოხანაშვილის სუს-მა ვერ გაარკვია, ან მოგვატყუა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალი შენდებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის ანგარიშიც საეჭვოდ მიიჩნევდა ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო ფლოტის საბრძოლო ხომალდების დისლოცირების შესაძლებლობას, თუმცა ვერ უარყოფდა, რომ აქ სამხედრო პორტის აშენება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოყენების შანსებს ზრდიდა.

ანაკლიის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო რეჟიმი სამხედრო ფლოტისთვის ტექნიკური მომსახურების ბაზას აშენებს. უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის ეს პირდაპირი სიგნალია კრემლიდან, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას ოფიციალური მოსკოვი არ დაუშვებს. უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის სამხედრო მანქანის ბაზებად გადაიქცა და კრემლის გეგმაც აშკარა. მათივე თქმით, პუტინს სურს ჩვენი ტერიტორიები სამხედრო პოლიგონად აქციოს, რადგან ოჩამჩირის პორტი ოფიციალური კიევისთვის ლეგიტიმური სამიზნე ობიექტი იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights