„რთული სათქმელია, საით წავა მიგრაციული ტალღა“ – რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს საქართველოზე

თუ მოსახლეობა დაიწყებს ირანის დატოვებას, ასეთ შემთხვევაში, რთული სათქმელია, რა მიმართულებით წავა მიგრაციული ტალღა – აცხადებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი და არ გამორიცხავს, რომ მათი ნაწილი საქართველოშიც მოხვდეს. როგორც ბატიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, „უსაფრთხოების საბჭოს უკვე უნდა ჰქონდეს შემუშავებული უსაფრთხოებისა და მიგრაციული ნაკადების მართვისთვის საჭირო გეგმა და იმის მიხედვით უნდა მოქმედებდეს“.

ცნობისათვის, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი გრძელდება. მოლოდინების ფონზე, წინა კვირას მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა. ორშაბათს ფასები მცირედით არის დაკორექტირებული. მაგალითად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 15:00 საათის მონაცემებით, ბარელზე 71.89 დოლარს შეადგენს (-1.49%), ხოლო BRENT-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 73.26 დოლარით (-1.31%) არის განსაზღვრული.

გარდა ამისა, ინვესტორები შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებას შესაძლოა, თან ახლდეს ნავთობის მიწოდების შეზღუდვა, რაც განპირობებული იქნება საზღვაო მარშრუტების ბლოკირებით ან მათზე თავდასხმით. შედეგად გაიზრდება გადაზიდვის დაზღვევის პრემია და საბოლოოდ აისახება სამომხმარებლო ფასებზე.

ამასთანავე, გარდა ნავთობის ფასის ზრდისა, გაჩნდა მოლოდინები, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაგრძელებამ და ვითარების გამწვავებამ შესაძლოა, ირანიდან მიგრაციული ნაკადების გააქტიურება გამოიწვიოს.

ამ ფონზე საინტერესოა, როგორი იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ეფექტი საქართველოზე.  ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენების გავლენა საქართველოზე შესაძლოა, იყოს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი.

კერძოდ, ერთი მხრივ, კონფლიქტის გაგრძელება-გამწვავების პარალელურად ნავთობის გლობალური ფასის ზრდა, ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც. ხოლო მეორე მხრივ ირანის მოქალაქეების შესაძლო მიგრაცია, საქართველოსთვის გამოწვევაა.

„ისრაელ-ირანის კონფლიქტისთვის მხარეები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ, ამიტომ მოკლე პერიოდში ვერ დასრულდება. რაც შეეხება საქართველოზე ამ კონფლიქტის ეფექტს, აქ შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა. არაპირდაპირი შეძლება იყოს ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირანმა სპარსეთის ყურე გადაკეტა და ნავთობზე ფასები გაიზარდა მსოფლიო ბაზარზე, ეს აისახება საქართველოზეც. პირდაპირ გავლენა შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი დაბომბავს ირანის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურასა და ისეთ სექტორებს, რომელზეც დგას ირანის ეკონომიკა და მოსახლეობა დაიწყებს ირანის დატოვება. ასეთ შემთხვევაში, რთული სათქმელია, რა მიმართულებით წავა მიგრაციული ტალღა; ისიც არ ვიცით, რაოდენობრივად რამდენი ადამიანი შეიძლება მოვიაზროთ ამ მიგრაციულ ტალღაში – ეს რთულად განსასაზღვრია, რადგან ირანის მოსახლეობა 93 მილიონს შეადგენს.

ამ ვითარებაში პოლიტიკური განზომილება არის შემდეგი – შარშან ამ დროს ყველას გვახსოვს კობახიძის ვიზიტი თეირანში. ის პარლამენტში ესწრებოდა ცერემონიას, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ყველას გვახსოვს ის შეძახილები, რომელიც მაშინ ირანის პარლამენტში ისმოდა – „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკასო“. ისრაელი არ არის ის ქვეყანა, რომელმაც შეიძლება ადვილად დაივიწყოს, ვინ იღებდა მონაწილეობას მის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებაში“, – აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.

შექმნილ ვითარებაში ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საბჭოს უკვე უნდა ჰქონდეს შემუშავებული უსაფრთხოებისა და მიგრაციული ნაკადების მართვისთვის საჭირო გეგმა და იმის მიხედვით უნდა მოქმედებდეს.

„ამისთვის მექანიზმები უნდა არსებობდეს, მაგალითად, ეს არის უსაფრთხოების საბჭო, სადაც უნდა იყოს შემუშავებული წინსწრებად, რას აკეთებს ქვეყანა ამა თუ იმ კრიზისულ სიტუაციაში. გეგმა უნდა არსებობდეს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების საბჭო დაკავებული იყოს ასეთი გეგმების შემუშავებით, რადგან მათ მაგალითად, არ შეუმუშავებიათ უსაფრთხოების შეფასების დოკუმენტიც, რომელშიც წესით ეს ყველაფერი გაიწერება ხოლმე. ამიტომ როდესაც ვამბობთ, რომ „ქართული ოცნებას“ უფუნქციოდ აქვს ინსტიტუტები დატოვებული, ამასაც ვგულისხმობთ. საფრთხეები შეფასებული უნდა იყოს წინასწარ სხვადასხვა უწყების მიერ. როდესაც საუბარია ლტოლვილების ნაკადზე, საჭიროა, როგორც დაზვერვის მონაცემები, ასევე ჩასართველია შსს-ს, ჯანმრთელობის დაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვები. მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში სახელმწიფო დარჩენილია რეალური ინსტიტუტების გარეშე.

ვიღაცამ შესაძლოა, იფიქროს, რომ საზღვარს ჩავკეტავთ და ამით დასრულდება ყველაფერი. საზღვრის ჩაკეტვა ასე მარტივად არ ხდება და რთულია. ირანიდან მიგრაციული ტალღის შემოსვლის ნაწილში საუბარია ძირითადად სახმელეთო საზღვრის დაცვაზე. ჩვენ გვყავს ცოტა რაოდენობის მესაზღვრე, რათა წინ აღუდგენენ ლტოლვილების უკონტროლოდ შემოსულ ნაკადებს. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, ჩატაევის და სხვა შემთხვევაში როგორ ხდებოდა საქართველოს საზღვრის გადმოლახვა ისე, რომ ამას ვერავინ ამჩნევდა. სამწუხაროდ, ასეთი რეალობის წინაშე ვართ, რომ კონტროლი საზღვრებზე, ფაქტობრივად, დაკარგულია. „ქართული ოცნება“ აძლიერებს გდდ-ს, რომლის ფუნქციაც არის სტუდენტებისთვის ცემა რუსთაველზე და მეტი არაფერი, მათი აღქმით საფრთხე მხოლოდ რუსთაველზეა – ამ დროს საფრთხე არის გარედან, ქვეყნის შიგნით კი პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ისე, როგორცაა ყველა ნორმალურ ქვეყანაში“, – განაცხადა  ზურაბ ბატიაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights