პენტაგონი ირანზე იერიშის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

ამერიკული ავიაციის მიერ ირანზე განხორციელებული დღევანდელი იერიშის შედეგად, “განადგურდა” ირანის ბირთვული ამბიციები, თუმცა შეერთებული შტატები ირანში რეჟიმის შეცვლას მიზნად არ ისახავს. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა, რომელსაც ციტირებს CNN.

„ბრძანება, რომელიც მივიღეთ ჩვენი მთავარსარდლისგან, მიზანმიმართული, ძლიერი და მკაფიო იყო. ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული პროგრამა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაცია მიმართული არ ყოფილა არც ირანული არმიის და არც ირანელი ხალხის წინააღმდეგ. … ირანის ბირთვული ამბიციები განადგურდა“, – განაცხადა ჰეგსეტმა პენტაგონის ტრიბუნიდან.

მისი თქმით, ირანზე იერიშის გეგმის მომზადება რამდენიმე თვეს გაგრძელდა, ხოლო აშშ-ის ძალების პოზიციონირება – რამდენიმე კვირას. ამის შემდეგ ისინი მხოლოდ ტრამპის ბრძანებას ელოდნენ.

„როდესაც ამ პრეზიდენტს სიტყვა ეთქმის, მსოფლიო უნდა მოუსმინოს. ტრამპი მშვიდობისკენ ისწრაფვის, და ირანმაც უნდა აირჩიოს ეს გზა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დაამატა, რომ ამჟამად ვაშინგტონი ბევრ ძალისხმევას ახმარს ირანის ოფიციალურ პირებთან კომუნიკაციის დამყარებას, რათა კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულება მოხერხდეს.

„შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ ირანელებს მიწოდებული აქვთ როგორც საჯარო, ისე კერძო გზავნილები რამდენიმე არხით, რაც მათ საშუალებას აძლევს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნა ჰეგსეტმა პრესკონფერენციაზე.

ამ ღამით ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ავიაციამ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. კერძოდ, დარტყმის ობიექტები იყო ფორდოს, ნათანზისა და ისფაჰანის რაიონებში. ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული მხარე არ განიცდიდა დანაკარგს და ყველა მიზანი წარმატებით განადგურდა.

საპასუხოდ, ირანმა აშშ-ს გრძელვადიანი შედეგებით დაემუქრა. ამასთან, ირანელი ოფიციალური პირები (თვით ანონიმურადაც კი) ამტკიცებენ, რომ ფორდოს ბირთვულ ობიექტს, რომელიც მთავარი სამიზნე იყო, მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights