უნგრეთში ჩატარებული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დაიხურა. ჩვენმა შერეულმა გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო მსოფლიო პირველობა და ამით იაპონიის 7-წლიანი ჰეგემონია დაასრულა.
საინტერესოა, თუ რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდიდან, თუმცა მანამდე ინდივიდუალურ ასპარეზობაში მიღწეული შედეგებიც გავიხსენოთ.
საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, ბრინჯაოს მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა, ხოლო ვერცხლის მედლები ტატო გრიგალაშვილმა და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს.
ინდივიდუალურ ოქროს მედალზე გამოყოფილი 26 000 ევროა, საიდანაც 20 800 ევრო ჩემპიონს ხვდება (ეთერ ლიპარტელიანი), 5 200 ევრო კი მწვრთნელებს.
ვერცხლის მედალზე მთლიანობაში 15 000 ევროა გათვლილი, საიდანაც 12 000 ევრო ვიცე-ჩემპიონისაა (გურამ თუშიშვილი და ტატო გრიგალაშვილი), 3 000 კი მწვრთნელების.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი 6 400 ევროს მიიღებს (ლუკა მაისურაძე), 1 600 ევროს კი მწვრთნელები.
რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას – ჩემპიონ ნაკრებზე, მთლიანობაში, 90 000 ევროა გამოყოფილი, საიდანაც 72 000 ევროს ჩვენი ნაკრების ძიუდოისტები გაიზიარებენ, დარჩენილ 18 000 ევროს კი მწვრთნელები.