დიდი ალბათობით გურიაში  მერობის კანდიდატებს ადიკო ივანიშვილი შეარჩევს

„ქართული ოცნებიდან“ შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში, მერობის კანდიდატებს, გურიის მხარეში, ქვეყნის ექსპრემიერ და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი შეარჩევს.

ეს ინფორმაცია :გურიის მოამბეს“ საკუთარმა წყარომ – „ქართული ოცნებიდან“ – მიაწოდა.

მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება, ის, რომ დღემდე მმართველი პარტია მერობის კანდიდატებზე ვერ ჩამოყალიბდა:

„სამთავე მუნიციპალიტეტებში კანდიდატები შერჩეული იყო, თუმცა ბოლო მომენტში მათი  გასაჯაროვება იმ მიზეზით არ მოხდა, რომ ადიკო ივანიშვილმა სამთავე დაბლოკა“ გვითხრა წყარომ.

მისივე ინფორმაციით, მაგალითად ოზურგეთში, მმართველმა პარტიამ შესაძლოა მერობის კანდიდატი შეცვალოს, რადგან ადიკო ივანიშვილს და მის ოჯახს ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატი სურს, ვიდრე პარტიას.

საუბარია, გურიის სამაშველო სამსახურის უფროსზე, მერაბ ჭანუყვაძეზე.

ადიკო ივანიშვილს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ცხოვრობს, წლების განმავლობაში, გურიაში სხვადასხვა ფინანსური ინტერესები გააჩნდა, კონკრეტულად, მისი და მასთან აფილირებული კომპანიები აქტიურობდნენ გურიის მდინარეებში-ქვიშა ხრეშის მოპოვებასა და რეალიზაციაში, ასევე შეინიშნებოდა მისი აქტივობები მხარიდან ჰუმუსისა და ნიადაგის გატანაში, ასევე იყო აქტივობები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერებში.

ბოლო წლებში მისი აქტივობები შენელდა, რადგან ყველა მიმართულებაზე ის ძმებმა თალაკვაძეებმა ჩაანაცვლეს.

ადიკო ივანიშვილი, მისთვის მისაღები კანდიდატის გაყვანას იმისთვისაც ცდილობს, რომ ბოლო არჩევნებში, ავთანდილ თალაკვაძის კანდიდატურის მხარდაჭერით დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეოროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights