ევროსასამართლოში რუსული კანონის განხილვის პროცესში ვენეციის კომისია ერთვება. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი სტრასბურგს მესამე მხარედ ჩართვას და ამ კანონზე საკუთარი დასკვნის გათვალისწინებას თხოვს. როგორც ამბობენ, ასე იშვიათად ხდება. კომისია ამ გზას მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა საქმეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკულია. ექსპერტებმა მასში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დაადგინეს და “ოცნებას” მისი გაუქმება მოთხოვეს. “ოცნებამ” არც საერთაშორისო ექსპერტული კრიტიკა გაითვალისწინა და არც ქვეყნის შიგნით მასშტაბური პროტესტი. კანონი მეორე ჯერზე მაინც მიიღო. მისი მოქმედება არც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, რის შემდეგ კანონი სტრასბურგში გასაჩივრდა. საია სხვა ორგანიზაციებთან ერთად ითხოვს დადგინდეს უფლებების დარღვევა და ხელისუფლებას მისი აღსრულება შეეზღუდოს.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ რუსული კანონით დაიწყო “ქართულმა ოცნებამ” რეპრესიული პოლიტიკის გატარება ქართულ კანონმდებლობაში და მისი მიღება იყო პირველი ნიშანი ქვეყნის განვითარების კურსის შეცვლისა. ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონის მიღება მოახერხა, აღსრულება ვერ. თუმცა არასამთავრობო სექტორის და მედიის საქმიანობა ახალი კანონებით დაამძიმა. დღეს “ოცნებაში” უჭირთ იმის თქმა, რომ კანონის გაუქმება არ მოუწევთ.