გურიის მოამბე

ჩინოვნიკების სასახლეები – ვინ, სად რა აიშენა?

ჩინოვნიკების მდიდრული სახლები. 

დიღომში, ბარათაშვილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე, 600 კვადრატულ მეტრ მიწაზე  აშენებული 13 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელი სახლი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, გენადი არველაძეს ეკუთვნის.  მინისტრის მოადგილის სიდედრი ამბობს, რომ ასეთი მასშტაბური მშენებლობა გენადი არველაძემ პენსიონერი მშობლების დახმარებით შეძლო.

  • ოფიციალური მონაცემებით,   მდიდრული სახლი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ქონებრივ დეკლარაციაში გენადი არველაძე წერს, რომ 40 ათასი დოლარი, სახლის ასაშენებლად ნაყიდ  600 კვადრატულ მეტრ მიწაში გადაიხადა,  400 ათასი ლარი  მდიდრული სახლის მშენებლობაში, 52 ათასი ლარი  რემონტში დახარჯა. 14 ათას 792 ლარი კი არველაძემ მხოლოდ დიზაინერს გადაუხადა.  

ჩინოვნიკის მტკიცებით, ფული სესხად ბანკიდან გამოტანა და კოჯორსა და დუშეთში არსებული ქონება გაყიდა.

  • არველაძემ სესხი 242 ათასი ლარი ბანკიდან მართლაც გამოიტანა. ქონებაც გაყიდა, თუმცა გაყიდვიდან მიღებული შემოსავალით ამ მდიდრულ სახლს ვერ ააშენებდა, რადგან მინისტრის მოადგილის ოჯახს სოფელ კაიშაურებში აგარაკის შესაძენად და კოჯორში მიწის საყიდლად სესხი 40 ათას 882 დოლარი და 50 ათას 500 ლარი უკვე ჰქოდათ აღებული და ის ვალი უნდა დაეფარა.  
  • გენადი არველაძის ყველაზე მაღალი ხელფასი 7000 ლარია. ბევრად ნაკლებს იღებდა კარიერის დასაწყისში. საჯარო სამსახურში მუშაობს მისი ცოლიც.   ნელი ღვინეფაძე თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეა და ხელფასი 4,391 ლარი აქვს, საერთო ჯამში ჩინოვნიკის ოჯახის თვიური შემოსავალი 11,391 ლარია.  ამ თანხით არველაძემ სესხიც უნდა იხადოს, ოჯახიც უნდა არჩინოს, თავიც უნდა ირჩინოს, ეჭვს იწვევს სახლის რემონტისთვის დაფიქსირებული ოფიციალური ღირებულება.
  • ერთადერთი დამატებითი შემოსავალი, რომელიც ლევან დავითაშვილის მარჯვენა ხელმა მიიღო,  2022 წელს ძმის მიერ ჩარიცხული   74 ათასი დოლარია, თუმცა ამ ბოლო 2024 წელს შევსებული დეკლარაციით, ძმისგან მიღებული თანხით  ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს  სესხები არ გადაუხდია. 

წყნეთი, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, 2 სართულიანი სახლი, დიდი გალავნით ეკონომიკის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს ეკუთვნის.  ნუშის ბაღებში  618 კვადრატულ მეტრს მიწაზე 2 სართულიანი სახლის მშენებლობა უკვე დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ რემონტი.

  • ეს სახლი ხედით თბილისზე, ნუშის ბაღების დასახლებაში ირაკლი ნადარეიშვილს ოფიციალური მონაცემებით ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა. ჩინოვნიკის მიერ თანამდებობაზე დანიშვნისას შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს 134 ათასი ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი ჰქონდა. ამავდროულად დანაზოგის სახით საბანკო ანგარიშზე 17 ათას ლარს ინახავდა.  ამ პერიოდისთვის მის ხელფასი დაახლოებით 7 ათასი ლარი იყო მისი მეუღლე კი ხელფასს კი 8,332  ლარს იღებდა.

2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში ქართული ოცნების ჩინოვნიკი წერს, რომ მისი მეუღლის ანგარიშზე 19 ათასი დოლარი ჩაირიცხა, რითაც  სესხის ნაწილი დაფარა. ვინ და რატომ ჩაურიცხა ეკონომიკის მინისტრის მეუღლეს თანხა, დეკლარაციაში არ წერია.

  • 2022 წელს ლევან დავითაშვილის მარჯვენა ხელმა საჩუქრად მიიღო 10 ათასი ლარი და 1500 ლარად შეფასებული სარეცხი მანქანა. ვინ აჩუქა ჩინოვნიკს ფული უცნობია. ფულის ჩუქების სერია 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქონებრივ დეკლარაციაში წერდა, რომ მას ფულს ძმა ურიცხავს.

მიწა წყნეთში, სადაც  ეკონომიკის მინისტრის მოადგილე  რეზიდენციას იშენებს, საჯარო რეესტრის მონაცემებით იპოთეკით დატვირთული არ არის.  საბანკო ვალდებულების გარეშეა სასტუმროს ნომერი ვარცალას მთაზეც, რომელიც ირაკლი ნადარეიშვილის მეუღლემ 2018 წელს იყიდა.

იპოთეკა ადევს მხოლოდ იმ სახლს, სადაც ნადარეიშვილი ახლა ცხოვრობს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გვეუბნება, რომ მეუღლის შემოსავლის გაზრდის ხარჯზე დააგროვეს დანაზოგი, რაც სახლის მშენებლობაში დაეხმარა.

  • ბოლო შევსებული დეკლარაციის მიხედვით, რომელიც საჯაროა, ირაკლი ნადარეიშვილის მეუღლე ხელფასის სახით  14,644 ლარს იღებს. აქირავებს აპარტამენტს ვარცალას მთაზე, საიდანაც მისი თვიური შემოსავალი 800 ლარია. წლის განმავლობაში ერთჯერადი სამუშაოს შესრულებისთვის  ჩაერიცხა 21 ათასი ლარი. თუმცა ამ შემოსავლიდან სურგულაძემ დაფარა სახლის მშენებლობის  ხარჯები 124 ათას 700 ლარის ოდენობით,  დააფინანსა მოგზაურობა 8555 ლარით, გადაიხადა შვილის სკოლის გადასახადი 5715 ლარი. 
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights