“მთავრობის გაუბედაობა, ჩაატაროს სასამართლო სისტემის სრული რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი რწმენას ძირს უთხრის” | სახდეპის ანგარიში საქართველოზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე – სასამართლო სისტემის ხარვეზები და პოლიტიკური ჩარევა ანგარიშის ყველაზე ვრცელი ეპიზოდია, დეპარტამენტისთვის განსაკუთრებულად შემაშფოთებელია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებში პოლიტიკური კვალი, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლო დამოუკიდებლობას.

სახდეპის ანგარიშში ასევე საუბარია კორუფციის თემაზე და აღნიშნულია, რომ ქვეყანა დაბალი დონის კორუფციას ებრძვის, თუმცა ელიტური კორუფციის წინაშე საზოგადოება დაუცველია.

შემაშფოთებელია საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა, განსაკუთრებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებში. შეშფოთება მოსამართლეების დანიშვნის პროცესის კეთილსინდისიერებასთან და სასამართლოს უნართან დაკავშირებით, რომ უზრუნველყონ ხარისხიანი შედეგები, სასამართლო სისტემის მიმართ ინვსტორების ნდობაზე უარყოფითად მოქმედებს.

მთავრობის გაუბედაობა, რომ ჩაატაროს სასამართლო სისტემის სრული რეფორმა, რათა უზრუნველყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული შესაბამისობა, კიდევ უფრო უთხრის ძირს სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი რწმენას. ბევრი ინვესტორი აღიქვამს საქართველოს სასამართლო პროცესებს როგორც ნელს, არაეფექტურსა და არასაკმარისად გამჭვირვალეს. ყველა ეს საკითხი გავლენას ახდენს საზოგადოების ნდობაზე სასამართლო სისტემის მიმართ.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე შეფასება ინვესტორებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შეფასებისას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წარმატებულად ებრძვის თვალსაჩინო დაბალი დონის კორუფციას, ქვეყანა რჩება დაუცველი ე.წ. “ელიტარული კორუფციის” წინაშე: მაღალი დონის თანამდებობის პირები იყენებენ იურიდიულ ხარვეზებს პირადი გამდიდრების, სტატუსის ამაღლების ან ანგარიშსწორებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ძირითადად დაუდასტურებელი ხმების დონეზეა, კორუფციის ამ ფორმას ან მისი არსებობის აღქმას აქვს პოტენციალი, შეარყიოს საზოგადოებისა და ინვესტორების ნდობა საქართველოს ინსტიტუტებისა და საინვესტიციო გარემოს მიმართ. კორუფცია რჩება პოტენციურ პრობლემად სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, საჯარო მმართველობის პრაქტიკასა და სასამართლო სისტემაში გაურკვეველი კანონებისა და ეთიკური სტანდარტების გამო, – წერია სახდეპის ანგარიშში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share