გურიის მოამბე

“საქართველოს გეოპოლიტიკური კატასტროფა ემუქრება, კრიტიკული მომენტი დგება” – მირიან მირიანაშვილის ანალიზი

9ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ იმუქრება, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. მისი განმარტებით, საბოლოო ჯამში, ამ საკითხს კვალიფიციური უმრავლესობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წყვეტენ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. რამდენად რეალურია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსს, მირიან მირიანაშვილს ვესაუბრებით.

– ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია გადაწყვეტილების მიღება იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას შეეხება. არ ველოდები, რომ დღესვე გამოცხადდება რაიმე საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც საკითხის ჩვენს საზიანოდ გადაწყვეტას დაადასტურებს. თუმცა სიტუაცია აშკარად იცვლება – რეგიონში ანტირუსული ტენდენციები თვალსაჩინოდ დაჩქარდა. ეს განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეს ეხება, განსაკუთრებით კავკასიას და საქართველოც, ბუნებრივია, ამ კონტექსტის ნაწილად იქცა. ამ ცვლილებებზე უკვე რეაგირებს აზერბაიჯანი, რომელიც მკვეთრად ანტირუსული საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას იწყებს. მსგავსი ტრენდი შეიმჩნევა სომხეთშიც, სადაც საგარეო პოლიტიკის რადიკალური გადახედვა მიმდინარეობს.

ამ ფონზე, ევროკავშირის პოლიტიკურმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, დააჩქაროს პროცესები. სწორედ ამიტომ, ის სცენარი, რომელიც ზაფხულის ბოლომდე ან ზამთრისთვის გამოიყურებოდა პერსპექტივად, უკვე აქტუალური და შესაძლებელი ხდება. თუმცა ყველაზე დიდი ინტრიგა ჯერ კიდევ წინ არის: მოახდენს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რეაგირებას ამ დინამიკაზე, და თუ კი – რა ფორმით?

სწორედ ამ კითხვაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა საქართველო პროცესების მიღმა, თუ შეეცდება მათ შიგნით მოქმედების სივრცის პოვნას.

– პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებს ქართველი ხალხის დაშანტაჟება უნდათ იმის გამო, რომ ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა არ დააბრუნა. ამ და სხვა მსგავსი განცხადებების ფონზე რამდენად სერიოზულია იმის რისკი, რომ ჩვენ მართლაც პროცესების მიღმა დავრჩეთ?

– როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციაში ცვლილება არ იქნება, მმართველი გუნდი სრულად შეეგუა იმ აზრს, რომ ეს გადაწყვეტილება ადრე თუ გვიან მაინც უნდა მიღებულიყო. თუ ოდესღაც მათთვის მიუღებელი იყო მსგავსი ნაბიჯი, განსაკუთრებით – წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. როგორც ვხედავთ, ხელისუფლებას ისიც კი აღარ აშინებს, რომ ამ ნეგატიურმა ეფექტმა მის ამომრჩეველზე მოახდინოს გავლენა.

– რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

– ამის მიზეზი მარტივია: ის რადიკალური ამომრჩეველი, რომელსაც ამ თემაზე ყველაზე მკვეთრი პოზიცია აქვს, ხელისუფლების აზრით, უკვე გამოთიშულია საარჩევნო პროცესიდან. შესაბამისად, ისინი ამ ეტაპზე სერიოზულ რისკებს ვერ ხედავენ. მაგრამ არსებობს მეორე, გაცილებით მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც ხელისუფლება ან ვერ ხედავს, ან სათანადოდ ვერ აფასებს.

საქმე ის არის, რომ დასავლური საგარეო პოლიტიკის ვადები დაჩქარდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც უკვე ღიად არეგულირებს პროცესებს კავკასიაში, სრულმასშტაბიანი რეგიონული ჩართულობის ვადები გადმოიტანა 2028-29 წლიდან 2026-27 წლებზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეგიონში რუსეთის გავლენის დასუსტებისა და ამერიკის გაძლიერებას ძალიან ცუდი კარტით ხვდება. თუ ამას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ევროპასთან ღია კონფრონტაცია დაემატება, ეს უკვე არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ – გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება.

ვიზალიბერალიზაცია ამ შემთხვევაში არა იმდენად მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, არამედ – მოლაპარაკებების პოზიციური სტარტის სიმბოლოს წარმოადგენს. ევროპასთან ურთიერთობის გაწყვეტა და ამ ფონზე ამერიკის წინაშე სუსტი პოზიციით წარდგენა ნიშნავს, რომ საქართველო, ფაქტობრივად, უპირისპირდება დასავლურ სტრატეგიულ ვექტორს. ამ ვითარებაში ვიზალიბერალიზაცია გადაიქცევა ერთგვარ მარკერად – ობიექტურად შეფასებად იმისა, თუ სად იმყოფება დღეს საქართველოს ხელისუფლება გეოპოლიტიკური კოორდინატების რუკაზე. მთავარი შეცდომა კი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს ახალ რეალობას. თავიდან, ტრამპის ადმინისტრაციასა და დასავლეთ ევროპას შორის არა ერთ საკითხზე სერიოზული განხეთქილება არსებობდა. მაგრამ დღეს ამ ორ ძალას შორის გაცილებით მეტი საერთო ინტერესი გაჩნდა და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღეს ევროპასა და ამერიკას აკავშირებს – ეს საქართველოც არის. საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ორივეს გადაკიდება. იმ ფონზე, როცა რეგიონში ანტირუსული განწყობები დღითი დღე ძლიერდება, ადრე თუ გვიან საქართველო შევა დისონანსში არა მხოლოდ გლობალურ მოთამაშეებთან, არამედ – რეგიონალურ ელიტებთანაც. შედეგად მივიღებთ პოლიტიკურ გაუცხოებას როგორც რეგიონში, ისე – მის გარეთ და სწორედ ამის გააზრება აკლია ყველაზე მეტად საქართველოს ხელისუფლებას.

– ასეთი რეალობის შექმნაზე თავად „ქართველი ოცნების“ ამომრჩევლის რეაქცია როგორი შეიძლება იყოს?

– „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე არსებული პროცესები მანამდე არ მოახდენს გავლენას, ვიდრე რეალურ ცვლილებას არ დაინახავენ საგარეო კონტექსტში. მართალია, ამომრჩევლის დიდი ნაწილი არ არის ღირებულებით პროდასავლური, მაგრამ დასავლეთთან ინტეგრაცია მათთვის მაინც პრიორიტეტული რჩება – როგორც უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი. კრიტიკული მომენტი დადგება მაშინ, როდესაც ამომრჩეველი მკაფიოდ დაინახავს, რომ რეგიონში რუსეთი ტოვებს პოზიციებს, მათი პოლიტიკური ფავორიტი – „ქართული ოცნება“ დასავლეთთან რჩება სრულიად მარტო, ყოველგვარი პოლიტიკური „კრიშის“ გარეშე, ეს იქნება ის წერტილი, რომელიც მათთვის უკვე ძალიან რთულად მისაღებ რეალობად იქცევა. მთავარი ინტრიგაც აქ იწყება – როგორ აუხსნის მმართველი პარტია საკუთარ ამომრჩეველს ამ ახალ რეალობას? დღეს საქართველო რეალურად ხვდება ანტირუსულ კავკასიურ ფორმატში, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ პროცესს ანტიდასავლური პლატფორმით ხვდება. სწორედ ამ წინააღმდეგობის დაძლევაა ის პოლიტიკური ალქიმია, რომელშიც ზეთი და წყალი უნდა აურიოს ისე, რომ ერთი მთლიანობა მიიღოს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ფორმულამ იმუშავოს ან პოლიტიკური ტექნოლოგიის დონეზე, ან საზოგადოებრივი აღქმის თვალსაზრისით.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights