ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ქართველი მოზარდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს, სადაც ხაზს უსვამს იმ ძირითად სფეროებს, სადაც ახალგაზრდები სირთულეებს აწყდებიან.
მათი ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მიზნობრივი კვლევა მოზარდების უნარებისა და ძირითადი კომპეტენციების შესახებ საქართველოს შვიდ რეგიონში. კვლევის მიზანი იყო უწყვეტი განათლებისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეფასება ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.
ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, კვლევის მიხედვით, მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას (STEM) განათლებას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას.
“კვლევის ძირითადი მიგნებებია:
- მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება.
- ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან სირთულეებს ქართული ენის ცოდნაში, რაც საჭიროა მათი აკადემიური ჩართულობისა და განვითარებისათვის.
- მოზარდები აღიარებენ STEM-ის მნიშვნელობას, მაგრამ მათი გაგება შეზღუდულია, განსაკუთრებით, მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.
- მიუხედავად კარგი ციფრული უნარებისა, მოზარდები აწყდებიან გამოწვევებს კიბერუსაფრთხოების, სოციალური მედიის წიგნიერების და ციფრული საფრთხეების მიმართულებით.
- მოზარდები აწყდებიან სირთულეებს თვითრეფლექსიის, კარიერასთან დაკავშირებული კონსულტაციის და პიროვნული ზრდის მიმართულებით, ხშირად დემოტივირებულნი არიან საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო სტრუქტურებთან მიმართებით.
- მენტალური ჯანმრთელობა რჩება კრიტიკულ საკითხად, შეზღუდული ხელმისაწვდომობით სერვისებზე და მეტი განათლების საჭიროებით ამ თემაზე”, – წერია კვლევაში.