1905 წლის გურიის აჯანყების ეროვნულ გამათავისუფლებელი ნიშნები

1905 წლის გურიის აჯანყების ეროვნულ გამათავისუფლებელი ნიშნები
.
„გაიღვიძე ჩაგრულო მხედრობავ
შენს ხელში მთელი ქვეყნის ბედია“
.
მხედრობისაკენ ასეთი მოწოდებით იწყებოდა გურული მღვდელის დიომიდე შილაკაძის მიერ დაწერილი ლექსი, ამ ლექსზე გურულებმა სიმღერაც “ააწყვეს”, რომელსაც მანიფესტაციების დროს მღეროდნენ, თავად ტექსტი საინტერესოა იმით, რომ სასულიერო პირი გაღვიძებისაკენ მოუწოდებს “მხედრობას” და არა რომელიმე კლასს.
.
გურიის მოძრაობის დასაწყისთანავე 1902 წელს ქუთაისის გუბერნატორი სმაგინი გურულების აჯანყებაში ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ნიშნებად აღიქვამდა იმას, რომ გურულები ითხოვდნენ ქართულ ენაზე განათლების მიღებას და სასამართლო საქმეების წარმოებას, ასევე საფრთხედ აღიქმებოდა ისიც, რომ გურიის მოძრაობაში ჩართული იყო არაერთი აზნაური და სასულიერო პირი და მონაწილეობას ღებულობდა გურიის მოსახლეობის ყველა ფენა. თუმცა გურულებმა მაშინ შესძლეს მთავრობის დარწმუნება იმაში, რომ მათ სულ სხვა მიზნები ჰქონდათ.
.
ძალიან საინტერესოა აჯანყებულების ურთიერთობა სასულიერო პირებთან, გურიის მოძრაობაში ყველაზე აქტიური სასულიერო პირები გახლდათ – ლავრენტი წულაძე, დიომიდე შილაკაძე და ეპიფანე კალანდარიშვილი. შილაკაძე იყო ერთერთი მთავარი ორგანიზატორი 1905 წლის 18 დეკემბრის არჩევნების ორგანიზებაში, სწორედ ამ არჩევნების შედეგად იქნა არჩეული ე.წ. “გურიის რესპუბლიკის პარლამენტი”. რომლის თავმჯდომარემ მიშო ახალაძემ პირველი ბრძანებით ეკლესიაში მსახურებისას აკრძალა ლიტურღიისას რუსეთის იმპერატორის და მისი ოჯახის წევრების მოხსნიება, ბრძანების შეუსრულებლობისათვის კი დააწესა სიკვდილით დასჯა.
.
ფაქტია, რომ გურულების ერთერთი მთავარი მოთხოვნა გახლდათ ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფოსაგან და უკვე 1905 წლის მარტიდან გურულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რელიგია გამოცხადებულიყო კერძო საქმიანობად და “ქორწინებასთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკელესიო წესები და რეგისტრაცია შეიცვალა სამოქალაქო აქტებით.“ (მოროხოვეცი)
.
მიუხედავად ზემოხსენებულისა „1905 წლის 26 (13) აპრილს თბილისში შედგა საქართველოს საეკლესიო მოღვაწეთა ყრილობა, რომელმაც დაადგინა შეერთებოდა გურიის მოძრაობის და სოციალ-დემოკრატთა მოთხოვნებს“ (მოროხოვეცი).
.
ეს დრო ასევე განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწეები 1905 წელს ითხოვდნენ ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას და ქართველი სასულიერო პირების უმრავლესობა თავგამოდებით ებძოდა რუსების ეგზარხატს საქართველოში.
.
ქართველი საეკლესიო პირების და სოციალდემოკრატების კავშირზე საუბრობს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთერთი თავგამოდებული მოწინააღმდეგე რუსი სასულიერო პირი ვოსტორგოვი, რომელიც წერდა, რომ – ქართული ეკლესიის ავტოკეფალია არ იყო ქართველი ხალხის სურვილი, მისი თქმით ქართველების უმრავლესობა სოციალდემოკრატი იყო და ეკლესიის ბედი საერთოდ არ ადარდებდათ და მიუთითებდა, რომ მთლიანობაში არსებობდა სეპარატიზმის სერიოზული საფრთხე.
.
სწორედაც, რომ ეროვნული ნიშნების არსებობის გამო შემდგომში ბოლშევიკები გულმოდგინებით ამტკიცებდნენ იმას, რომ გურიის აჯანყებას არ ჰქონდა არანაირი სეპარატიზმისა და ნაციონალური მოძრაობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. თუმცა გურული მენშევიკების მხრიდან ნაციონალური მიზნები დადასტურდა 1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის დაფუძნებითა და შემდეგში 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობით, რა დროსაც 1905 წლის გურიის აჯანყების არაერთი მოთავე დახვრეტეს ბენია ჩხიკვიშვილის ჩათვლით.
.
ამ მხრივ გურიის 1905 წლის აჯანყების კვლევა საინტერესოა თუნდა იმიტომ, რომ 1924 წლიდან ბოლშევიკებმა მთლიანად გააყალბეს ყველაფერი, რაც ეროვნულ ელფერს სძენდა აჯანყებას, ხოლო შემდეგში თანამედროვე საზოგადოების მხრიდან სრულიად გაუაზრებლად იქნა გაზიარებული იგივე ბოლშევიკური “თესიზები”, რის გამოც 1905 წლის გურიის მოძრაობა არასათანადოდაა შეფასებული დღევანდელი საზოგადოების მიერ.
.
– ევგენი მოროხოვეცი (1926 წელი)
– გ. ა. ზატერიანნის „გურიის რესპუბლიკა“ (1911 წელი)
– თენგიზ ჟღენტი – 1905 წელი გურიაში (1927)
– გაზეთი – სოციალდემოკრატიული ფურცელი 1905 წელი 21 დეკემბერი
– Mapp Н.Я. – „История Грузии: культурно-исторический набросок; По поводу слова прот. I. Восторгова о грузинском народе“ (1906).
– მხატვარი სევერიან მაისაშვილი – ნასაკირალი 1905
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: 1 ადამიანი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share